"მთავარი არხის" კორესპონდენტმა ნათია გოგსაძემ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერთან ინტერვიუ ჩაწერა.
უკრაინაში არსებული ვითარება, ომის საფრთხე და მსოფლიოს რეაქცია აგრესორის ქმედებებზე, მოსალოდნელი სანქციები, ასევე საქართველოს როლი ამ ყველაფერში და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, და შარლ მიშელის შეუსრულებელი დოკუმენტი - ამ თემებზე პიტერ სტანომ გადაცემა "დღის სტუმრის" წამყვანთან ინტერვიუში ისაუბრა:
როგორც ვიცით რუსულმა მხარემ ჯარებისა და შეიარაღების გაყვანაზე თანხმობა განაცხადა, გჯერათ თუ არა რუსეთის განცხადების და რა მოხდება და როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია თუ ისინი პირობას არ შეასრულებენ ?
ეს არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რისი გვჯერა, არამედ იმაზე თუ რას ვხედავთ. პირველ რიგში საჭიროა ვნახოთ იმის მტკიცებულება რომ დეესკალაცია დაიწყო. რა თქმა უნდა ჯარისკაცებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაყვანა, დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ არ ნიშნავს რომ სიმართლეა. დეესკალაციაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ჯარისკაცებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაყვანა დასრულდება და დავინახავთ რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნა გადადგმული. ჩვენთვის ეს აუცილებელია. ალბათ გახსოვთ გასული წლის მარტი, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან პირველი სამხედრო კონტიგენტის მობილიზაცია დაიწყო. საერთაშორისო აღშფოთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სამხედროები გაიყვანა, ხოლო გასული წლის ბოლოს ახალი მობილიზების დასაწყებად მძიმე ტექნიკა ადგილზე დატოვა.
თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში ან უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციებს დაიწყებს, როგორი იქნება ევროპის პასუხი?
მოსალოდნელი სცენარებით არასოდეს ვსპეკულირებთ, მაგრამ სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირისთვის დიპლომატიისა და თანამშრომლობის გზა ყოველთვის პრიორიტეტია. თუ არსებობს რაიმე შეშფოთება, პრობლემა ან არგუმენტი, საკითხების დიალოგის გზით მოგვარებას ვცდილობთ. ეს არის ის რასაც რუსეთისგან ვითხოვდით. სამწუხაროდ გამოჩნდა რომ რუსეთი კონფრონტაციაზე, პროვოკაციასა და დაშინებაზე იყო ფოკუსირებული. ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ, საერთაშორისო პარტნიორებმა, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყანამ რომლებმაც ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბეთ, რუსეთს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ და ვუთხარით რომ რუსეთი ჩვენს სამეზობლოში მყოფ ქვეყნებს ვერ უკარნახებდა თუ როგორ უნდა იყოს მათი არჩევანი.. ამასთან შევთავაზეთ რომ თუ რამე შეშფოთებები ჰქონდა, მოლაპარკებების მაგიდასთან განგვეხილა. დიპლომატიის მომხრეები ვართ, თუმცა თუ რუსეთი დიპლომატიას არ ჩააგდებს, მზად ვართ არც თუ ისე ლამაზი ვარიანტისთვისაც. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ან შეჭრის შემთხვევაში სწრაფი და მკაცრი პასუხი იქნება, არამხოლოდ ევროკავშირის მხრიდან.
სწრაფ და მკაცრ პასუხში რას გულისხმობთ, ამასთან ვიცით რომ რუსეთის პარლამენტმა პრეზიდენტ პუტინს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნა გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით რა იქნება თქვენი პასუხი?
თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარებაზე დუმამ პრეზიდენტს მიმართა, თუმცა პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ გარკვეული ინიციატივა გვაქვს. თუმცა თუ ამ ინიციატივის იმპლემენტაცია მოხდება, ეს იქნება რუსეთის მიერ საკუთარი ნებით აღებული ვალდებულების და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევა. მინსკის შეთანხმებით რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, აქედან გამომდინარე ამ ინიციატივის მიღება საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევა იქნება. იმედი გვაქვს რომ პრეზიდენტი პუტინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ვითარების დეესკალაციას გამოიწვევს. როდესაც ერთის მხრივ პოზიტიურ სიგნალს ავრცელებ და ჯარების გაყვანაზე საუბრობ, ხოლო მეორეს მხრივ, იმავე დღეს დუმის მხრიდან მსგავს პროვოკაციებს ვისმენთ, უცნაურია, თუმცა ეს რუსეთის თამაშის ნაწილია. ისინი ურთიერთგამომრიცხავი მესიჯებით ცდილობენ ადამინების დაბნევას ცდილობენ. თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას დაიწყებს, ევროკავშირი, საერთაშორისო საზოგადოება, ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა და სხვა პარტნიორი ქვეყნები მოქმედებისთვის მზად ვართ. დავაწესებთ სანქციებს და როგორც იცით, ჩვენ ძალიან ძლიერი და მკაცრი სანქციების პაკეტი მოვამზადეთ.
რა სახის სანქციების პაკეტი შეიმუშავა საერთაშორისო საზოგადოებამ? იქნება თუ არა ინდივიდუალური სანქციები, მაგალითად პუტინის ან სხვა ჩინოვნიკების წინააღმდეგ და რა შეიცავს სანქციების პაკეტი?
ეს იქნება უპრეცედენტო სანქციები. ძალიან ძლიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენ არ ვსპეკულირებთ, ჩვენთვის მთავარია დავინახოთ თუ რა სახის ნაბიჯები იქნება და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენი სანქციები კონკრეტულ ნაბიჯებს შეესაბამება. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით თუ რა როგორ მოხდება, რადგან ყველას კარგად ესმის რომ ყოველ აგრესიას და შეჭრას განსხვავებული ფორმა აქვს. ყველაფერი დამოკიდებულები იქნება რუსეთის ქმედებებზე. ამასთან გეტყვით რომ ჩვენი პოზიცია ურყევია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული სანქციების პაკეტი შემუშავებულია. ეს იქნება არა მხოლოდ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ, არამედ ფართო საერთაშორისო სპექტრის მიერ შემუშავებული სანქციები. ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოუტან არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას, არამედ მის პოლიტიკურ ლიდერებსაც.
უკრაინის საკითხმა დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც დააყენა. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება აქტიურობას არ იჩენს, მაგრამ ევროპელი ლიდერები, ნატოს წარმომადგენლები, წევრი სახელმწიფოები და პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ეს თამაში ჯერ კიდდევ 2008 წელს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ხმამაღლა ილაპარაკოს ამის შესახებ და თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება საქართველო დღეს ამ მიმართულებით?
ჩვენი აზრით, ეს კრიზისი რა თქმა უნდა არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ის ასევე ეხება საქართველოს, მოლდოვას და ყველა თავისუფალ ქვეყანას მსოფლიოში, რადგან ჩვენ გვყავს ისეთი ქვეყანა, ისეთი ხელმძღვანელობა ამ ქვეყნისა, რომელიც ცდილობს მჩაგვრელად მოგვევლინოს. ისინი ცდილობენ საკუთარი პირობები უკარნახონ სხვა ქვეყნებს იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც ეხება მათ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას. ეს არა მხოლოდ არათავაზიანი და არაცივილიზებული საქციელია, არამედ კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასა და წესებს. ჩვენ ვართ ეუთოს წევრები და ეს არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც უნდა მოგვარდეს ყველა ღია საკითხი, როდესაც საქმე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებას ეხება. ამიტომ, ევროკავშირი ხმამაღლა გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და ყველა სხვა ქვეყნის მიმართ, რომელიც საკუთარ არჩევანს აკეთებს იმაზე დაყრდნობით, თუ თავად რა სურს და არა იმაზე დაყრდნობით, თუ რა სურს მის მეზობელს ან ყოფილ ბატონს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ, რადგან ის ეფუძნება თავისუფალი არჩევანის პრინციპს.
ნება მომეცით შარლ მიშელის დოკუმენტზეც გკითხოთ. ის ჯერ არ არის შესრულებული. ჯერ კიდევ უნდა დამტკიცდეს კონსტიტუციური ცვლილებები, მაგრამ ქართული ოცნება, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ამ პირობის შესრულებაზე. რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ამ მიმართულებით, რომ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს.
საქართველო ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია და ეს გამოხატულია იმ ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც ჩვენს შორის არის გაფორმებული. ამიტომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ გააგრძელოს საჭირო რეფორმები და მოახდინოს პოლიტიკური სცენის დეპოლარიზაცია, რათა ქვეყანა დაახლოვდეს ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენ საქართველოს ერთგული პარტნიორები ვართ და გვინდა, რომ ამ ქვეყანას დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახვევთ მათ თავს ვერაფერს. ეს მათი გადასაწყვეტია. პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, დაფუძნებულია პირობითობაზე. თუ თქვენ გსურთ მეტი, მაშინ შესაბამისად უნდა იმოქმედოთ, რომ დააკმაყოფილოთ კონკრეტული ფასეულობები, რომლებიც კარგად არის ჩამოყალიბებული როგორც მიშელის დოკუმენტში ასევე ასოცირების შეთანხმებაში. ვფიქრობ, საქართველოში უკვე ყველამ იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ევროპული მისწრაფებები რეალობად იქცეს და იმედი გვაქვს, რომ ქართველო პარტნიორები შეასრულებენ საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს და გამოიყენებენ იმ ჩარჩოს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებითაა წარმოდგენილი. ეს არის ასევე ერთგვარი სახელმძღვანელო იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. ამიტომ, უნდა იმუშაოთ ამ მიმართულებით და ევროკავშირი თქვენს გვერდითაა, რათა დაგეხმაროთ, მაგრამ არა გიკარნახოთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რადგან ყველაფერი თქვენს თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება პოლარიზაციას, თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ მის შესამცირებლად და გარდა ამისა, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ჯერ კიდევ ციხეშია. ის წამების მსხვერპლი გახდა მთავრობის მხრიდან და როგორ ფიქრობთ, რამდენად უშლის ეს ხელს დეპოლარიზაციის პროცესს?
ქვეყანაში კიდევ ბევრი რამეა მოსაგვარებელი და ეს ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა. იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ იმოძრაოს ევროპული გზით და უკეთესი მომავლისკენ, ამისთვის საჭიროა, რომ იყოს კანონის უზენაესობა, პროცესის პატივისცემა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ფიგურამ იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და დააღწიოს თავი ამ არაპროდუქტიულ პოლარიზაციას.
პოლიტიკური პატიმრების არსებობს რამდენად შეუშლის ხელს ამ პროცესს და საზოგადოების გაერთიანებას?
ყველა პრობლემა საქართველოში მოგვარდება, თუ საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება და საჭირო რეფორმები გატარდება. ეს ჩვენ რამდენჯერმე ვუთხარით ქართველ პარტნიორებს, იქნებოდა ეს მიშელის ვიზიტის საშუალებით, თუ ჩვენი დელეგაციის სისტემატიური ჩართულობით თბილისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს და როდესაც ამას გააკეთებენ, ყველა პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია, აღარ იქნება. ასოცირების შეთანხმება, ევროპული სახელმძღვანელო, ევროპული ფასეულობები არის საუკეთესო რეცეპტი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დასტურდება გამოცდილებით და სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითით. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო თავდასხმის მსხვერპლია. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჩაგრავს და თავს ესხმის რუსეთი. თქვენ გაქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადაუწყვეტელი პრობლემები, ამიტომ ნებისმიერი ქართველი პატრიოტის ვალია, რომ გვერდით გადადოს საშინაო დაპირისპირებები და ერთად იმუშაონ, რადგან მხოლოდ ერთად მუშაობა აძლიერებს ქვეყნის გამძლეობას გარეშე ძალების წინააღმდეგ. უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი ძალა არსებობს, ვისაც სურს, რომ სათავისოდ გამოიყენოს თქვენი შიდა დაპირისპირებები და ქვეყნის სუვერენიტეტს ძირი გამოუთხაროს.