"დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება" | ბაიდენის განცხადება

გამოქვეყნდა:

"დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

"დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში. ჩვენ ასევე არ გავაგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას...

ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ რუსეთი აპირებს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას, მომდევნო კვირებში, მომდევნო დღეებში... ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევს დაარტყამენ, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს", - აცხადებს ბაიდენი. 

მისივე თქმით, აშშ რუსეთის გეგმებს ამჟღავნებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი უნდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის ყოველგვარი გასამართლების საფუძველი წაართვას.

"ჩვენ ვამჟღავნებთ რუსეთის გეგმებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელშია იმისთვის, რომ რუსეთს წავართვათ უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი ყოველგვარი საფუძველი. არაფერი შეგეშალოთ!" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არაა გვიანი, კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

"ჯერ ისევ არ არის გვიანი, რომ მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდეთ. გუშინ ღამით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსა და სახელმწიფო მდივანს, ბლინკენს შორის შეთანხმება შედგა, რომ ისინი ევროპაში, 24 თებერვალს შეხვდებიან, მაგრამ თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციას მოახდენს ამ თარიღამდე, მაშინ ნათელი იქნება, რომ მათ დიპლომატიას კარები მიუჯახუნეს და რომ მათ, ომი აირჩიეს, რისთვისაც ისინი დიდ ფასს გადაიხდიან" - განაცხადა ბაიდენმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი