
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 10-მდე წევრი, რომლებიც ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისგან პასუხებს ითხოვდნენ, პოლიციამ დააკავა.
დაკავებულებს შორის არიან პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.
"დაკავებულებისათვის განმარტებულია როგორც დაკავების მუხლები, ასევე უფლებები. ყველაფერზე სასამართლოში მოვახსენებთ დაკავებულებს მტკიცებულებების სახით", - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.
სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. საკონფერენციო დარბაზთან, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე შეხვედრას მართავს, ამ დროისთვის მხოლოდ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე რჩება.
ამავე თემაზე: