
"მე არასდროს ვტყუი" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე დასმულ შეკითხვას.
მედიის წარმომადგენელმა მას წარსულში გაკეთებული განცხადება შეახსენა - "ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის" და ჰკითხა, ამ განცხადების გაკეთებისას ტყუოდა თუ ახლა, როდესაც ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ახალი დეტალების გამჟღავნება დააანონსა.
"მე არასდროს ვტყუი, ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, არის ბევრი საინტერესო დეტალი და ეს დეტალები გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს დეტალები შეიძლება ჩვენც არ ვიცოდით თავის დროზე, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი. როცა გავიხედეთ უკან, ბევრი რამ უფრო ასახსნელი გახდა. რაღაცებს ვხსნიდით არაკომპეტენტურობით, ა.შ., თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს სხვა ახსნა და მიზეზები, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მოვახსენებთ", - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, "ოცნების" თავმჯდომარემ გუშინ თქვა, რომ გახარიას მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების უკან შესაძლოა ნაციონალური მოძრაობა იდგეს. კობახიძე უკვე 2 დღეა, საზოგადოებას პირდება, რომ გიორგი გახარიაზე "უაღრესად საინტერესო" ინფორმაციებს გაასაჯაროებენ, თუმცა როდის, ამას არ აკონკრეტებს.