
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანის, ალექსეი დანილოვის თქმით, სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ოკუპირებული დონეცკსა და ლუგანსკზე თავდასხმას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"დღეს ორმა ადამიანმა განცხადება გააკეთა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ. ისინი ირწმუნებიან, თითქოს ჩვენი სამხედროები აპირებენ დონეცკსა და ლუგანსკზე თავდასხმას ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, ყოველივე ეს არ შეესაბამება სიმართლეს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დიდი იქნება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს", - თქვა ალექსეი დანილოვმა.
18 თებერვალს დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ევაკუირებული მოსახლეობის პირველი ნაწილი როსტოვში გუშინ ღამე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებს ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები ტოვებენ. დონეცკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა აღნიშნა, რომ 700 000 მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება.