გადაიდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დეკემბრისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების დეკემბერში შესაძლო გადატანას ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი რეიტინგი არ მოსწონს და ამიტომაც აპირებს არჩევნების გადადებას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილებებში ჩაიდოს ჩანაწერი არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამას არ დაუშვებენ.
როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ პანდემია და საკონსტიტუციო ცვლილებები ერთობლივად ტანდემში გამოიყენონ, რომ გააკეთონ შესაბამისი ჩანაწერები, რაც მათ მისცემს არჩევნების თარიღით მანიპულირების შესაძლებლობას. ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მწვავე რეაქცია, იმიტომ რომ კონსტიტუცია უნდა ადგენდეს არჩევნების ჩატარების თარიღს, რათა არ მიეცეს ხელისუფლებას მსგავსი მანიპულაციების ჩატარების შესაძლებლობა, და მეორე, ეს ყველაფერი არის ძალიან სახიფათო ქვეყანაში დამოკრატიული პროცესისთვის და რაც მთავარია, სრულიად გამოუსადეგარი "ქართული ოცნებისთვის", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
მისივე თქმით, მმართველი პარტიისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა აზრსმოკლებულია, რადგან ის შემოდგომის არჩევნებზე პოლიტიკური კრახისთვისაა განწირული.
"ევროპული საქართველო" კი ხელისუფლებას მავნებლური პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება შეიცვალოს, არის მავნებლობა ჩეულებრივი, რადგან დღეს არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ რაიმე შეიძლება გართულდეს და ამან გამოიწვიოს არჩევნების გადადება. მიუხედავად იმისა, როდის ჩატარდება არჩევნები, "ქართული ოცნება" არის დამარცხებისთვის განწირული, ოპოზიცია კი იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
პოლიტიკურ მოძრაობა "ლელოშიც" მიიჩნევენ, რომ პანდემიის გამოყენება არჩევნების გადადებისთვის იქნება უდიდესი შეცდომა, რომელიც თავად "ქართულ ოცნებას" ძალიან ძვირი დაუჯდება.