პუტინის განცხადების შემდეგ, რუსული კომპანიების აქციების ფასები კატასტროფულად ეცემა

გამოქვეყნდა:

ბოლო 8 წლის განმავლობაში, დღეს რუსული აქციების ფასი ყველაზე მეტად დაეცა. აქციების ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება დააანონსა.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის - MOEX - საორიენტაციო ინდექსი 11%-ით დაეცა, გამოცემა წერს, რომ ეს ყველაზე დიდი ვარდნაა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება და სანქციები მოჰყვა. დღის განმავლობაში ინდექსი 14%-ზე მეტით დაეცა, რაც 2008 წლის ნოემბრის შემდეგ, ყველაზე მეტია.

Bloomberg ასევე წერს, რომ სეპარატისტების აღიარების ნაბიჯი, სავარაუდოდ, დაარღვევს ევროპის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებს და კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას დასავლეთთან.

რუბლი მოსკოვში საღამოს 19:21 საათისთვის 2,2%-ით გაუფასურდა და დოლარზე 79.05 შეადგინა, რუსეთის ვალის დაზღვევის ღირებულება კი 2016 წლის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა.

დასავლელმა ლიდერებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი მას, სავარაუდოდ, სანქციებს დაუწესებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი