ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში ინიციატივით შედის, რომ მოსკოვის გამზირს უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი ეწოდოს.
ენმ-ის წევრი, ანა გოგოლაძე განმარტავს, რომ სირცხვილია, ქალაქში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სახელობის ქუჩები გქონდეს და ამავდროულად, ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩაც არსებობდეს.
ამასთანავე, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული გუნდი უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პუტინი იმეორებს 2008 წლის სცენარს უკრაინაში.
"პუტინი კვლავ განაგრძობს აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას მშვიდობიანი ერების მიმართ!
რუსეთმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის დროს.
გამოიყენა არათანაბარი და არაპროპორციული სამხედრო ძალა, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული იარაღი და შემდეგ მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
დღეს იგივე სცენარს ავითარებს ოკუპირებულ უკრაინაში!
ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს, ასევე საერთაშორისო კონვენციების უხეშ დარღვევას, ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებით.
ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები უკრაინის განუყოფელი ნაწილია.
სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენი საერთო მტრის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში!",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.