
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომი და ფართო ესკალაცია მოხდება.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლად აღიარებას პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ევროპა იმ ტრაგედიის განმეორებას არ დაუშვებს, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა.
"რუსეთის პრეზიდენტის მიერ სეპარატისტების დამოუკიდებლობის აღიარება უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის იურიდიული მტკიცებულებაა. ეს ქმედება საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მხრიდან სწრაფ და საპასუხო ქმედებას მოითხოვს.
დღეს უკრაინაში ევროპული უსაფრთხოების საკითხი წყდება. ევროპა ვერ დაუშვებს ისეთ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც 2008 წელს საქართველოში მოხდა. დღეს, როგორც არასდროს უკრაინას დასავლელი პარტნიორების მჭიდრო მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. იმედი მაქვს, რომ 2022 წელი ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებების წელი გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხზე მსჯელობის დაწყების წინადადებით მომმართა დღეს ამ საკითხს გადავხედავთ.
რაც შეეხება საომარი მოქმედებების გამოცხადებას, გვჯერა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომი და ფართო ესკალაცია არ მოხდება, მაგრამ თუ ეს მოხდება საომარი მდგომარეობა დაწესდება",-თქვა ვოლოდიმრ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.