ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და ამ მოვლენებში, საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე.
ინტერვიუში ელჩმა განიხილა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა და თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი და შეუთანხმებელი გაუქმება კანონის უზენაესობისათვის ძირგამომთხრელი იყო:
"გულდასაწყვეტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ისეთ დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორებიცაა ინსპექტორის აპარატი, სახალხო დამცველი და აუდიტის სამსახური, უნდა გააჩნდეთ ავტონომია და შეასრულონ ე.წ. ვოჩდოგის როლი, სწორედ ესაა მათი მიზანი. მათ უნდა შეძლონ და დაიცვან ყოველი ქართველის უფლებები, ყოველგვარი გარე ჩარევისა თუ დაშინების გარეშე. ერთ-ერთი დიდი შეშფოთება, რომელიც ინსპექტორის აპარატის გაუქმებას მოყვა, უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებულ ფორმებს, ყოველგვარი კონსულტაციების გამართვის გარეშე, თავად სახელმწიფო ინსპექტორის მონაწილეობის გამორიცხვით. არ არსებობდა საფუძველი სახელმწიფო ინსპექტორის 6-წლიანი მანდატის შეწყვეტისათვის, ეს იყო ქმედება, რომელმაც ძირი გამოუთხარა საქართველოში კანონის უზენაესობას", - თქვა დეგნანმა.
ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების აუცილებლობაზე:
"ცხადია, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის მიმართულებით მეტი სამუშაო ჩასატარებელი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ვიხილავთ მეტ სასამართლო რეფორმას საქართველოს პარლამენტის მიმდინარე სესიის განმავლობაში. ამის შესახებ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის მმართველმა პარტიამ, აღნიშნულის შესრულების პირობა დადეს, იქნებოდა ეს 19 აპრილის შეთანხმებით გამყარებული თუ ამის შემდეგ", - აღნიშნა კელი დეგნანმა.
"მთავარი არხის" შეკითხვას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებში 2008 წლის აგვისტოს ომის მნიშვნელობაზე, ამერიკელმა დიპლომატმა ასე უპასუხა:
"2008 წელს მდგომარეობა იყო უნიკალური, არსებობდა უზარმაზარი წნეხი, დეზინფორმაცია და სხვა ბევრი მიზანმიმართული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, რომ საქართველოსთვის შეექმნა რთული პირობები და ქართულ მხარეს გასჭირვებოდა პასუხის გაცემა, მაშინ საქართველო რთული არჩევანის წინაშე დადგა. მაშინდელი ვითარება ჩვენთვის ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ომის სახელმძღვანელო პირველად ვიხილეთ. მე ვფიქრობ , რომ ჩვენ აქედან ვისწავლეთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი და ამაზე დაკვირვება შესაძლებელია. ჩვენ ვცდილობთ საჯაროდ მივუთითოთ რუსეთის მიერ, უკრაინის პროვოცირებისთვის გამოგონილ არაერთ საბაბზე, ეს არის ის ყველაფერი, რაც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს. უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციაში ჩვენს სამოქმედო გეგმებს ვსახავთ და პუტინის გადაწყვეტილებებზე საპასუხო ნაბიჯებს ვამზადებთ 2008 წელს, საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით", - თქვა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი კვირის ბოლოს უკვე თბილისში იქნება და ინტერვიუში თქვა, ის აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრას და მათთვის იმ გზავნილების გაზიარებას, რაზეც ელჩმა ვაშინგტონში ყოფნისას საქართველოს შესახებ, კონსულტაციები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში.