
ენმ-ს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 5 მარტს, 5 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. გადაწყვეტილება მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის გადარჩენა - განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე და განმარტა, რომ ამისთვის ერთადერთი გზა მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანაა.
დასანანია, რომ ამ ჰუმანური საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა. პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რასაც სხვადასხვა კონსილიუმის წევრებიც ადასტურებენ.
ასევე ექიმებისა და კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე ნათელია, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
,,ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქტივობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და შემდეგ, 5 მარტს, 5 საათზე, ყველას ვინც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს, გელოდებით რუსთაველის გამზირზე", - ამბობს ნიკა მელია.
მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს, მისივე სასამართლო პროცესზე, უვადო შიმშილობა გამოაცხადა. დღეს შიმშილობის მესამე დღეა. მესამე პრეზიდენტი ადეკვატურ და საჭირო მკურნალობას ითხოვს. ექიმებსა და კონსილიუმის წევრებს, მასთან შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.