
რა გავლენა ექნება სანქციების შესაძლო გამკაცრებას რუსეთის მიმართ და ამას რა გავლენა ექნება ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ, - ამის შესახებ პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს. ამბობს, რომ ხელისუფლება მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ყველა გადაწყვეტილებას ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.
დღეს რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება სანქციების შესაძლო გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და ამას რა გავლენა ექნება ჩვენს ეკონომიკაზე. ბუნებრივია, ამას ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან, დღეს ბოლომდე სურათი არაა გამოკვეთილი. გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ, რომ ევროკავშირმა გარკვეული სანქციები დაუწესა და ამერიკამაც ორ აღიარებულ სუბიექტს, ამაზე მეტი ჩვენ არაფერი არ გვსმენია. ჩვენ ზოგადად და ამ სიტუაციაშიც გვმართებს ნაკლები ემოციები.
ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს გზამკვლევი. მინდა გავიმეორო, რომ ვაკვირდებით მოვლენებს, ყურადღებით შევისწავლით შესაძლო გავლენებს როგორც რეგიონზე ისე ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ 9 წლის განმავლობაში, რთულ რეგიონში, რთულ პერიოდში, ოკუპაციის პირობებში ესაა სერიოზული მიღწევა. ჩვენ მოვახერხეთ პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკით სიტუაციის დეესკალაცია და ბაზრების გახსნა და ეს ჩვენ ქვეყანას ძლიერ პოზიციაში აყენებს, ვიდრე იყო 2012 წელს, - ამბობს ღარიბაშვილი.