
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, 2008 წელს კრემლმა საქართველოზე გამოცადა.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიუხედავად იმისა, რა რეაგირება ექნებოდა 2008-ში საქართველოს ხელისუფლებას, ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
"პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, რასაც შემდეგ უბრძოლველად მოჰყვება საქართველოს შემოერთება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საფრთხე.
ახლა უკეთესად დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რომ რაც არ უნდა მექნა მე 2008-ში, სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ არაფერი შემეტყობინებინა მსოფლიოსთვის, სულ რომ ერთი ტყვია არ გაგვესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა არანაირი საბაბი შემოჭრისთვის. ზელენსკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, მაგრამ არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი ბაბაიაც არ უნდა უძახო, არ შველის. ამიტომ, ჩვენ ამ ომს ვერანაირად ვერ ავიცილებდით. ჩვენზე გამოცადეს ყველაფერი პირველად, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში.
ეს არის ნამდვილად დიდი ტრაგედია, ამ ომს მოჰყვება დიდძალი მსხვერპლი, უდანაშაულო ადამიანები, პატრიოტები, რომლებიც იცავენ უკრაინას და ეს არის მთავარი და გადამწყვეტი ამბავი ჩვენთვის. კარგი ამბავი არის ერთი, რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ალბათ მიიტაცებს გარკვეულ ტერიტორიებს დროებით, მაგრამ ბოლოს, ბევრად უფრო მალე, ვიდრე კრემლში ჰგონიათ, ეს გარდაუვალად მიგვიყვანს რუსეთის იმპერიის ჩამოშლამდე და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს გაუქმებამდე. რუსეთმა გადაწყვიტა გაგვაუქმოს ყველა ჩვენ და ამ დროს გამოუცხადა ომი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო დასჯის მას ისე, როგორც არასდროს არავინ დაუსჯია. ამაში ვარ დარწმუნებული", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
გამოსვლის ბოლოს მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.