გადაიდება თუ პირიქით, გადმოიწევს საპარლამენტო არჩევნების თარიღი? დღეს ორივე ვერსიის შესაძლებლობაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, არ არის გამორიცხული, მმართველმა გუნდმა კორონაპანდემია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, სასურველ დროს დანიშნოს არჩევნები, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციაში და ამ გზით ამომრჩეველს მთავრობისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთებინოს.
როგორ მოახერხებს ხელისუფლება არჩევნების გადადებას? "მთავარი არხის" ინფორმაციით, უმრავლესობა ახალი თარიღის დადგენის წესს საკონსტიტუციო ცვლილებებში შეიტანს. ამ დროისთვის, "ქართლი ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარის ხმებს აგროვებს, თუმცა დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები თარიღის ცვლილებას, ჯერ უცნობია. განხილვებში მონაწილე პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ამაზე არ შეთანხმებულან და უმრავლესობამ, შესაძლოა, ხმების საკმარისი რაოდენობა ვეღარ მოაგროვოს.
ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო განხილვებში არ მონაწილეობს ერთი მიზეზით - ბოლომდე არ შესრულებულა რვა მარტის შეთანხმება და ისევ პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა. "ევროპულ საქართველოში" დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების გადადება მმართველი გუნდის გამარჯვების შანსს კიდევ უფრო შეამცირებს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თარიღით მანიპულირება ქვეყნის დემოკრატიაზე უარყოფითად აისახება. კენჭისყრის დეკემბერში გადატანის შესაძლებლობას ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. მათი აზრით, ხელისუფლება ალტერნატიულ გეგმას განიხილავს. ისინი ურჩევენ ,,ქართულ ოცნებას'' შეეშვას მავნებლურ სპეკულაციას და არ გამოიყენოს პანდემია ვიწრო პარტიული ინტერსებისთვის.
უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე კი ფიქრობს, რომ ,,ქართულ ოცნებას'' არ აწყობს არჩევნების დეკემბერში გადატანა. ის სულ სხვა ვერსიას განიხილავს, რომელიც არჩევნების ოქტომბრის დასაწყისში გადმოწევას გულისხმობს და ამით ოპოზიციასაც შეუშლის ხელს, რომ საარჩენო კამპანია სრულყოფილად აწარმოოს.
ამ ვერსიებს ოპოზიციის სპეკულაციას უკავშირებენ ,,ქართულ ოცნებაში''. მათი მტკიცებით, მმართველი გუნდი მზად არის გამარჯვებისთვის ნებისმიერ ვითარებაში და ამას თარიღი არ განსაზღვრავს. იმავდროულად არ გამორიცხავენ, რომ პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო მდგომარეობამ თარიღში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.
კონსტიტუციონალისტები და არასამთვრობოებიც არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობაზე საუბარი არჩევნების გადადების სურვილს უკავშირდებოდეს. ასეთ შემთხვევაში მმართველომა გუნდა უნდა განმარტოს, რატომ ცვლის თარიღს და ეს გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული საფრთხეებით. პანდემიის გარეშე კი თარიღი უკვე განსაზღვრულია და ის არ უნდა შეიცვალოს.
როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები - 31 ოქტომბერს თუ გადაიწევს დეკემბრისთვის, ეს საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებებით განისაზღვრება. პარლამენტი ცვლილებების პროექტზე მსჯელობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს.