მოსამართლეები შვებულების დროს, საკუთარი მანქანით გადაადგილებისას, ხალხის ფულით ნაყიდ საწვავს იყენებენ. აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახამად, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირადი, არასამსახურეობრივი გადაადგილებისთვის, მოსამართლეებმა 7,234 ლიტრი, დაახლოებით 15 000 ლარის ღირებულების საწვავი გახარჯეს.
საერთო სასამართლოს დეპარტამენტების, მოსამართლეებისა და სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ შვებულების დროს გამოყენებული საწვავის ჯამური ოდენობა კი 18,846 ლიტრს, უფრო ზუსტად კი 37,956 ლარს შეადგენს. უზენაესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამტკიცებს, რომ აუდიტის ანაგრიშში მოყვანილი არამიზნობრივი, დაუსაბუთებელი ხარჯვა სასამართლო სისტემაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
აუდიტის შეფასებით, ასევე დაუსაბუთებლად არის განაწილებული საწვავის ლიმიტები, არ არის დარეგულირებული, თუ რამდენი ავტომანქანა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა სასამართლოს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ საბიუჯეტო თანხების ხარჯვა წლებია აცდენილია ობიექტურ რეალობას, არსებობს კითხვები ავტოპარკთან და საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებითაც.
აუდიტის დასკვნაში საუბარია ავტოპარკის სწორად მართვის ნაკლოვანებებზეც. მაშინ, როცა ქვეყანაში კორონა პანდემია იყო, უზენაესმა სასამართლომ სამი ახალი "მაზდას" ტიპის მსუბუქი ავტომანქანა იყიდა, რომელთა ჯამური ღირებულებაც თითქმის 195 ათასი ლარია. ისინი, ვინც წლებია სწავლობენ სასამართლოში არსებულ პრობლემებს, ამბობენ, რომ მანქანების საჭიროება არ არის, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანაში კრიზისია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ წლებია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად, ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად იხარჯება და არ აქვთ იმედი, რომ აუდიტის ამ დასკვნით ვინემ დაინტერესდება. ამტკიცებენ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხალხის ფული იფლანგება.
ქვეყნის მთავარი მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის თანახმად, შვებულების პერიოდში მოსამართლეთა და თანამშრომელთა მიერ ათასობით ლარის საწვავის გამოყენება დაუსაბუთებლად ხდება. დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო ორგანოები ამ დრომდე უცნობია.