"მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყეს ომი" - უკრაინის ელჩი საქართველოში

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკრაინის ელჩის თქმით, რუსეთმა თავისი გადაწყვეტილებით ყველანაირი საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია.

მისი განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან დიპლომატია სცადა, თუცა პუტინმა ამაზე უარი განაცხადა.

"თავდაპირველად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილები. ამის შემდეგ მოსკოვში გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელშიც პრეზიდენტ პუტინს მისცეს რეკომენდაცია, აღიაროს კვაზი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა.

მერე კრემლში მოხდა აქტი, როგორც სცენაზე, ეს იყო შეთანხმების ხელმოწერა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. სანამ მოსკოვში ეს ამბები ხდებოდა, მთელი მსოფლიო ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის წარმოებას პოლიტიკური და დიპლომატიური გზით და დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ 24 თებერვალს უნდა გამართულიყო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. იყო შეთანხმებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართებოდა სამიტი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის.

პარალელურად, ხდებოდა ნამდვილი პუტინის სცენარის შემუშავება და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, პუტინმა გამოაცხადა ოპერაცია, რომელიც უკავშირდებოდა ამ მოსახლეობის სიცოცხლისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფას. ეს გადაწყვეტუილება იმ დროს მიიღეს, როცა ნიუ-იორკში იმართებოდა გაეროს უსაფრთხოების სხდომა. ამ სხდომის ჩატარებას ითხოვდა უკრაინა, იმიტომ რომ ხედავდა სადამდე მიგვიყვანდა ეს მოვლენა. მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყეს ომი. ჩვენ დაჟინებით ვმუშაობდით, რომ ყველანაირი საკითხი გადაწყვეტილიყო ცივილიზაციის, პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით.

სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს ნებას, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები და პრინციპები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია",-თქვა იგორ დოლგოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი