მკაცრი სანქციები რუსეთს - აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს.
მან სანქციები დაადო რუსეთის კიდევ ორ უმსხვილეს ბანკს, მათ შორის VTB-ის და გააფართოვა კორუმპირებული რუსული პოლიტიკური ელიტისა და მილიონერების ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სანქციებით აშშ ზღუდავს რუსეთისთვის საერთაშორისო ვაჭრობას დოლარსა და ევროში, ასევე ამცირებს მოსკოვის წვდომას მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე, რაც აუცილებელია მილიტარისტული ინდუსტრიისთვის.
"ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სანქციებმა შესაძლოა ჯერ არ მოიტანოს შედეგები, მაგრამ შედეგი გრძელვადიანი იქნება. ვთვლით, რომ სანქციებით დიდ დარტყმას მივაყენებთ რუსეთის ეკონომიკას" - აცხადებს ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ნახევრამდე ამცირებს რუსეთისთვის მაღალ ტექნილოგიებზე იმპორტის შესაძლებლობას და ამბობს, რომ რუსეთს, ეს სანქციები, რომელთა შორისაცაა ბანკების აქტივების გაყინვა, იმპორტის შეზღუდვა და ტექნოლოგიების მიყიდვის აკრძალვა, რეალურად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე Swift-დან ჩახსნა.
ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"არ ვაპირებ პუტინთან საუბარს... ის აგრესორია, მან დაიწყო ეს ომი და ახლა შედეგებისთვის მზად უნდა იყოს. მე არ მითქვამს, რომ სანქციები მას შეაჩერებდა. სანქციების ეფექტს დრო სჭირდება. პუტინის პირადი სანქცირება მაგიდაზეა განსახილველად" - აცხადებს ბაიდენი.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ "NATO-ს სამიტი გაიმართება ხვალ და დასავლეთი, ერთიანი ფრონტით მოსკოვს სადამსჯელო ზომების მომდევნო ნაბიჯებს დაუპირისპირებს".