მძღოლების გადამზადება ევროპაში დასაქმების მიზნით - ოპოზიცია ივანიშვილის ინიციატივის მიზნად ქვეყნის დაცლას ასახელებს

გამოქვეყნდა:

ქართველი მძღოლები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გაახმოვანა.

მინისტრმა ახალი ტრენინგ ცენტრის გახსნა მიმდინარე წელს დააანონსა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

„ქართველი მძღოლები, ლოჯისტიკური მენეჯერები და სხვა სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული პროფესიების ადამიანები გადამზადდებიან ამ ცენტრში და ეს სერტიფიკატები აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში," - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმაც რამდენიმე თვის წინ ისაუბრა. ერთი შეხედვით კეთილშობილური ჩანაფიქრის უკან კი ხელისუფლების ოპონენტები ოლიგარქის შორსმიმავალ და ძალიან საშიშ გეგმას ხედავენ, რომლის მიზანიც ქვეყნის დაცლაა.

ბიძინა ივანიშვილის გეგმას დანაშაულად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ძალიან მალე თავად ივანიშვილი თავის გარემოცვასთან ერთად აღმოჩნდება ემიგრაციაში.

„პირიქით მოხდება, ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას მოუწევს მიგრაციაში წასვლა. საქართველოს მოსახლეობა კი აქ დარჩება და იმისთვის იბრძოლებს, რომ ემიგრაციაში წასული მოქალაქეები აქ დაბრუნდნენ და აქ განაგრძონ ცხოვრება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ოლიგარქი რომ არასასურველი ადამიანების მოშორებას ცდილობს, ამაზე გაამახვილა ყურადღება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, წავლენ არასასურველი ადამიანები, ვინც უკმაყოფილოები არიან, მით უკეთესი, დარჩებიან ის, ვინც შეეგუა მონურ მდგომარეობას, ან ვინც მისი კლანის წევრები არიან... კარგიც რომ მოინდომონ, მათი მოტივაცია იმდენად არის ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი, კარგი ამბიდანაც გამოიყვანენ საშინელებას. ეს არის კლასიკური მაგალითი, ეს კაცი ცდილობს, ხალხი მოიშოროს თავიდან“, - ამბობს უგულავა.

საზღვარგარეთ მძღოლების დასაქმების პროგრამას კი საარჩევნო ნაბიჯად მოიაზრებს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე. გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ ტრენინგ ცენტრის მშენებლობისთვის 9 მილიონი ლარის გამოყოფის გამოც აკრიტიკებს და ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ თანხას გრანტების სახით გასცემდნენ.

„არჩევნებისთვის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არანაირი დაპირება აღარ შეუძლია, რომ გასცეს და ახლა ერთადერთი, რასაც ებღაუჭებიან არის, რომ საზღვარგარეთ დავასაქმოთ. მე საქართველო მძღოლების ქვეყანად არ მიმაჩნია, მძღოლი დაფასებული პროფესიაა, მაგრამ ინტელექტუალური პროდუქტი თუ ვერ შექმნა ქვეყანამ, ქვეყანა ვერ განვითარდება, ეს უნდა გვესმოდეს და აქ საქართველოში უნდა დავსაქმდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხელისუფლება რომ ხალხზე ზრუნვას არ გეგმავს, ამაზე „მთავართან“ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ეს ინიციატივა არ არის ხალხზე ზრუნვით ნაკარნახევი ინიციატივა... ეს ტრენინგ ცენტრი არ არის ამ დიდი სურათის ნაწილი, ეს არ არის ის, რომ საქართველო ეხმარება თავის მოქალაქეებს, ეს არის ის, რომ საქართველო „ნახვამდის“ ეუბნება თავის მოქალაქეებს, გზას უიოლებს, როგორ წავიდნენ და ეს ქვეყანა მათ დარჩეთ. მე მინდა ძალიან ღიად ვუთხრა საქართველოს ათასობით მოქალაქის სათქმელი ივანიშვილს - ჩვენ არსად არ ვაპირებთ წასვლას, წახვალთ თქვენ“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტრენინგ ცენტრის მშენებლობა ფონიჭალაში მარტამდე დაიწყება, რომელიც 2020 წლის ბოლომდე ამუშავდება. ცენტრი წლის განმავლობაში 500-700 მძღოლის გადამზადებას შეძლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი