ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის უფროსი მკვლევარი, დენიელ ჰამილტონი "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში უკრაინის ომსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დამაბრკოლებელ გარემოებებზე საუბრობს.
ჰამლიტონი ამბობს, რომ პუტინის სურვილია, მისი მემკვიდრეობა რუსი და უკრაინელი ერთი გამაერთიანებლის როლი იყოს და მზადაა, ამ მიზანს სამხედრო ძალით მიაღწიოს.
"ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა, რომ ის არ აღიარების მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებულ უსაფრთხოების წესრიგს. მას სურს, რომ მისი მემკვიდრეობა იყოს რუსი და უკრაინელი ერის გამაერთიანებლის როლი და ის მზად არის, ამ მიზანს მიაღწიოს სამხედრო ძალით, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ან აკეთებს დასავლეთი.
არაერთ პოლიტიკოსსა და კოლეგას ვესაუბრები, რომლებიც თანხმდებიან, რომ დღევანდელ ვითარებასა და 2008 წლის მდგომარეობას შორის პარალელები, ნამდვილად იძლევა არაერთი გაკვეთილის სწავლის საშუალებას დასავლეთისთვის საქართველოს მაგალითზე", - ამბობს დენიელ ჰამილტონი.
რაც შეეხება საქართველოს, მან აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევები უფრო მეტად ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, ვიდრე საგარეო ვითარებას.
"რაც შეეხება საქართველოს. თქვენი ქვეყანა ძლიერი მხარდამჭერი იყო ნატო-ს მისიების, რაც დაფასებულია. შეერთებულმა შტატებმა, გასულ შემოდგომას, თავდაცვის სფეროში საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეთანხმება გააფორმა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გავცდეთ და საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ნატო-ს პასუხისმგებლობად უნდა ვაქციოთ, შესაბამისი შეიარაღების მიწოდებით. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს გარეთ არსებობს შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური ვითარების მიმართ, რომელიც არ იძლევა საშუალებას პარტნიორობის იმ სიჩქარით განვითარება, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით, რომ არსებობდეს და ეს ხდება იმ მიზეზებით, რასაც ადგილი აქვს ქვეყნის შიგნით. ვთვლი, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევები ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას უკავშირდება უფრო მეტად, ვიდრე საგარეო ვითარებას", - თქვა დენიელ ჰამილტონმა.