კიევში აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის - რუსული ტანკები დედაქალაქისკენ ჩერნობილის დახურული ზონიდან მიემართებიან

გამოქვეყნდა:

უკრაინის დედაქალაქში განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ რუსული ტანკები კიევისკენ ჩერნობილის დახურული ზონიდან მიემართებიან.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტანკები ამ დროისთვის ივანკოვთან არიან გაჩერებული, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს. ივანკოვი სწორედ კიევის საზღვართან მდებარეობს. 

რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო შეტევა გამთენიისას განახორციელეს. ტროეშინის რაიონში ზედიზედ 6 აფეთქება მოხდა რამდენიმე წამის ინტერვალით. უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები.

უწყების ინფორმაციითვე, კიევში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ის დედაქალაქის დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა და 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ვრცელდება ინფორმაცია 8 დაშავებულის შესახებ, 150 ადამიანი ევაკუირებულია.

აფეთქების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებშიც, ასევე პოზნიაკიში. სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქი კონოტოპი აიღეს და ​სუმის დასახლებები ალყაშია. კიევის შემდეგ განგაშის სიგნალის ხმა ისმის ოდესასა და ლვოვშიც, რითაც მოსახლეობას მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი