
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს სწავლობს და "მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას".
ამ საკითხზე მან საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით "სრულად იყო ჩართული უკრაინაში ომის თავიდან აცილების, ახლა კი ომის შეჩერების საქმეში".
"ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია.
საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირის ფორმატები) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად.
საქართველოს ელჩი უკრაინაში და კონსული დღემდე რჩებიან კიევში, ხაზს ვუსვამ, დღემდე ისინი იმყოფებიან კიევში და არიან კავშირზე უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
საქართველოს მთავრობამ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების განთავსება სასტუმროებში", - თქვა პაპუაშვილმა.