
"შარშან გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, რუსმა კოლეგამ მითხრა, მაგ კაცს კადიროვი მოკლავსო," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის საქმეს. გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადება ექსპერტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სპეციალისტები გაბუნიას განცხადების გამო, პუტინის და მისი დაახლოებული პირების მხრიდან შურისძიებას არ გამორიცხავდნენ.
ის იყო ერთ-ერთი ჩემი რუსი კოლეგა. უბრალოდ, თავის ლოგიკური დასკვნა გამიზიარა. ასე მარტივად ეგეთი რაღაცეები არ მთავრდებაო, - ამბობს შარაშენიძე.
უსაფრთხოების ექსპერტები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ და სუს-ს საქმის გამოძიებაში უცხოელი სპციალისტები ჩართვას მოუწოდებენ.
ეს ფაქტი უფრო მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული შესაძლო კრიმინალური ქმედება, იმიტომ, რომ სახეზე გვაქვს უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ანალოგიური ქმედებები არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპის მრავალ დედაქალაქში. ვიცით, რომ ასეთ მეთოდებს რუსეთი მიმართავს როდესაც უნდა შიდა პოლიტიკური არეულობა და დესტაბილიზაცია. მნიშნელოვანი იქნება ამაზე გახსნილი პროცესის წარმოება. ვურჩევდი საქართველოს მთავრობას, რომ ამ პროცესშ ჩართოს აშშ-ს სპეცსამსახურები, გერმანიის სპეცსამსახურები, ბრიტანეთის სპეცსამსახურები, - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმდჯომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია.