
"ჩაიკეტოს ქართული საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და მთელი ეს პროპაგანდისტული არხები პუტინის რუსეთისა, საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს" - ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.
ამბობს, რომ იმ დროს, როცა გმირი უკრაინელები მტრის ბოროტებას ებრძვიან და იგერიებენ და მათ გარშემო მთელი უკრაინა გაერთიანდა, საქართველოს ხელისუფლება დუმს.
"ამ უპრეცედენტო სამდღიანმა ბრძოლამ ჩვენი მეზობელი უკრაინისა, გამოიწვია მთელი მსოფლიოს კონსოლიდაცია გმირი უკრაინელების გარშემო. არც ხმაა და არც ჩამიჩუმი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, მე მიმაჩნია, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ასევე მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და მთელი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთს, ჩაუკეტა პუტინს და ამითაც იცავს შეძლებისდაგვარად ჩვენს ძმებსა და დებს უკრაინაში... და როდესაც მთელი ევროკავშირი საჰაერო სივრცეს უკეტავს, როდესაც აზერბაიჯანიც კი საწვავს აწვდის, როდესაც თურქეთი მოერედ ისტორიაში ბოსფორის სრუტეს სამხედრო გემებისთვის კეტავს და ამით ეხმარება უკრაინას, ამ დროს ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ?! ვგულისხმობ ხელისუფლებას, არა, უნდა გავაკეთოთ! და ხვალ სამუშაო დღე იწყება... ჩაიკეტოს ქართული საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და მთელი ეს პროპაგანდისტული არხები პუტინის რუსეთისა, საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს, - ამბობს მელია.