
მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები დასასრულს უახლოვდება.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თბილისის ოლქების განაწილებისას უთანხმოება გამორიცხულია, რადგან მათი მთავარი საერთო მიზანი ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა.
8 მანდატიან ოლქში მხოლოდ და მხოლოდ 2 მანდატზე მოახდენს ნომინირებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ დანარჩენი სივრცე, 6 მანდატი დავტოვეთ სწორედ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერებისთვის, რომ მათ შეძლონ შეთანხმების მიღწევას. საუბარი იყო მანამდე, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოთხ კანდიდატს წარადგენდა, შემდეგ სამს, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და მხოლოდ ორ კანდიდატს დავჯერდით, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
მისი განცხადებით, მოცემულ პირობებში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმებისთვის საკმარისი ველი რჩებათ.
თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეჯერების ბოლო ეტაპს გავდივართ და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ, პოლიტიკურ პარტიებს უბრალოდ სჭირდებათ, რომ ყველამ თავისი გეგმები და ამოცანები დასახოს, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე.
ბობოხიძის თქმით, მოლაპარაკებები ბოლო ფაზაშია, თუმცა, რომელიმე კონკრეტულ თარიღზე მიბმული არ არის.