
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირებაა. დეპუტატებს შორის კამათი "გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" უთხრა, რომ უკრაინის ომში წაგებულ მხარეს დგანან და არასწორ მხარეს გულშემატკივრობენ.
"ჩემი აზრით, ჩვენი პრემიერის განცხადება და ზოგადად ეს პოზიცია, რომელიც "ქართულ ოცნებას" უჭირავს, მისი პრემიერის სახით, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ყველას იგივე პოზიცია არ გაქვთ აქ, არის ძალიან საშიში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბრძოლას რუსეთი არ იგებს. და საუბარი იმაზე, რომ როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აგებს ბრძოლას, და ჩვენ ვიძახით, რომ არ მუშაობს სანქციები, უკრაინა მარტოა და ა.შ გამოდის, რომ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არა სწორ მხარეს და არასწორი მხარის გულშემატკივრობა, არის ძალიან საშიში", - თქვა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას ამ სიტყვების შემდეგ "ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე შეეკამათა და თქვა, რომ ტყუილია რასაც ის ამბობს.
- "წაგებული რუსეთის მხარეს ხართ" - ნუ ყვირიხართ და ნუ იტყებით, ტყუილია ეს"
მოგვიანებით კამათში ჩაერთო ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც ხვიჩიას პროვოკატორი უწოდა და თქვა, რომ "გირჩმა" ქართველი ახალგაზრდები დეზერტირებად აქცია.
"მორალს მიკითხავს, ფუ თქვენი რა" - თქვა ქადაგიშვილმა.
იაგო ხვიჩიამ მას ამორალური უწოდა, ამის შემდეგ დაპირისპირებაში ჩაერთო დეპუტატი სოზარ სუბარი:
"ვის მორალზე საუბრობ შე მართლა ამორალურო მოღალატე მართლა რა. გააჩერე ენა ერთი. არაკაცი და არაკაცების პარტია ხართ თავიდან ბოლომდე რა", - თქვა სუბარმა.
იაგო ხვიჩიას განცხადება გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მიხეილ ყაველაშვილისთვისაც - "შენ არ იცი, რომ ეგ შეურაცხყოფაა".
მოგვიანებით კამათი "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და ოპოზიციის სხვა წევრებს შორისაც გაგრძელდა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ შეურაცხმყოფელია, როცა მათ რუსეთის გულშემატკივრად მოიხსენიებენ.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება.