
ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერის დღევანდელ განცხადებებს.
მელიამ ქართველ საზოგადოებას დღეს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ღარიბაშვილმა დღეს თავის გამოსვლით, უარი უთხრა და კარი მიუხურა ევროპას, რისი უფლებაც არ აქვს და იმ დროს, როდესაც ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ჩნდება და მაშინ, როდესც აქტიურად დაიწყო საუბრები უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე, საქართველოს მართავს "თანამედროვე ორჯონიკიძე", რომელიც თავს უფლებას აძლევს უარი თქვას ამ უნიკალურ შანსზე:
"ჩვენი სახელით დღეს, 12 საათზე, მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა თქვა უარი ქართველების ისტორიულ არჩევანზე და ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ უკვე ჩვენ ვის წარმოვადგენთ და ვის წარმოადგენს ბატონი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი წარმოადგენს არავის, გარდა რუსული ინტერესებისა, მაგრამ სიცხადე არის მეტი შესატანი ამ ბრძოლაში" - ამბობს მელია.
ნიკა მელიას თქმით, ევროპამ დაინახა, რომ რუსეთი აგრესორია და სწორედ ამიტომ დაიწყო საუბრები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაშინ, როცა ანალოგიური აგრესიის მსხვერპლი იყო საქართველო 2008 წელს და თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს პრეტენზია ახლა ევროპულ ოჯახში შესვლის უკრაინასთან ერთად, ეს საქართველოა.
ის არ დადგა არც შოლცთან, არც ზელენსკისთან, არც ბაიდენთან, არც ბორის ჯონსონთან, ის დადგა ლუკაშენკოსთან, კადიროვთან და პუტინთან. ეს არის სიმართლე - თქვა ნიკა მელიამ.
"დღეს ხელისუფლებაში არიან თანამდეროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებმაც დასავლურ სამყაროს უთხრეს, რომ მათთვის საქართველოს კარი არის დახურული. ახლა ჯერი არის ჩვენზე, ყველას გელოდებით 7 საათზე, იქ წყდება მომავალი." ამბობს ნიკა მელია
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია დროამ დღეს ჩანიშნა, რომელიც პარლამენტთან 19 საათზე დაიწყება.