საქართველოს ხელისუფლება მძღოლების გადამზადებას და ევროპაში დასაქმებას გეგმავს. ამისთვის კი, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონს დახარჯავს.
აღნიშნული თანხა, როგორც მინისტრი ამბობს, ტრენინგ ცენტრის მშენებლობას მოხმარდება, სადაც მძღოლების და ლოჯისტიკის მენეჯერების გადამზადება იგეგმება.
ოპოზიციაში კი მთავრობის გეგმას მავნებლურს უწოდებენ. მათი შეფასებით, ამ ტრენინგ ცენტრის მთავარი მიზანია, ხალხმა ქვეყანა დატოვოს და სხვაგან დასაქმდეს, ამით კი ივანიშვილი უმუშევრობის პრობლემას თავიდან მოიცილებს. ოპოზიცია ოლიგარქს ჰპირდება, რომ მალე მას მოუწევს ქვეყნის დატოვება.
ტრენინგ ცენტის მშენებლობას ოპოზიციაში მორიგ საარჩევნო დაპირებადაც მიიჩნევენ, თუმცა მათი თქმით, ეს ისეთივე დაპირება იქნება, როგორც 8 წლის განმავლობაში გაცემული და შეუსრულებელი. იმავდროულად, ტრენინგ ცენტრში 9 მილიონი ლარის დახარჯვა, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ადასტურებს, რომ მთავრობას არ შეუძლია პრობლემის მოგვარება.
ტრენინგ ცენტრის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ადგილი ფონიჭალაში. მშენებლობა თებერვალში უნდა დაიწყოს, თუმცა როდის დასრულდება ან როდის მიიღებს ევროპაში დასაქმების მიზნით გადამზადების პირველ მსურველებს, უცნობია.