ქართული ოცნების საარჩევნო პანდემია - შეიცვლება თუ არა საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რაზეც მმართველი პარტია უკვე ღიად ალაპარაკდა.
ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან არჩევნების გადადება ანტიკონსტიტუციურია და ამ ნაბიჯის გადადგმით ქართული ოცნება კონსტიტუციას კიდევ ერთხელ დაარღვევს.
არჩევნების თარიღის საკითხი არ არის შემთხვევით შემოგდებული თემა და კორონავირუსის პანდემიის მანიპულაციით შეეცდებიან, რომ სათავისოდ გამოიყენონ ეს პროცესი. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა კონსტიტუციის და თუ ამას გაბედავს, ძალიან მძიმედ დაამთავრებს "ქართული ოცნება", - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
ოპოზიცის მტკიცებით, უმჯობესი იქნება არჩევნების დადგენილ თარიღში ჩატარება, რადგან ამ დღის გადადებაც "ქართული ოცნების" მთავრობას არ უშველის და ისინი, რამდენიმე თვეში, არჩევნებში დამარცხდებიან.
ქართულ ოცნებას აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა. მათი რეიტინგები, ფაქტობრივად, ძალიან მცირეა, ძალიან დაბალია და ამ ფონზე, როგროც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს სხვადასხვა ვერსიაზე, თუ როგორ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, მაგრამ ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ეს არ არის რაციონალური გადაწყვეტილებები, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.
რა ფორმით გეგმავს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გადადებას, ჯერ უცნობია. სავარუდოდ, ქართული ოცნება გადაწყვეტილებას, კოვიდ სტატისტიკის ნაცვლად, საარჩევნო რეიტინგების მიხედვით მიიღებს.