მედია ექსპერტები შეკვეთილი მკვლელობის საქმის დეტალების გასაჯაროვებას მოითხოვენ - ცოტა ხნის წინ კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წევრებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს.
ისინი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე საზოგადოებას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია. კოალიცია ხელისუფლებისგან მკაფიო განმარტების გაკეთებას მოითხოვს, დაცულია თუ არა ქვეყანაში ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების უსაფრთხოება.
მედია ექსპერტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანი დაკავებულია, თუმცა კიდევ არიან თუ არა ქვეყანაში სხვა პირები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ და როგორ აპირებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არსებულ საფრთხესთან გამკლავებას. ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილის თქმით, რუსეთისგან არჩევნების მოახლობის კვალობაზე ყველაფერი მოსალოდნელია.
საფრთხე არსებობს, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვყავს ასეთი მეზობელი. გაბუნიას მკვლელობა რომ შემდგარიყო, ეს არ იქნებოდა მარტივი ამბავი, სერიოზული დესტაბილიზაცია დაიწყებოდა საქართველოში. ეს პოლიტიკური პროცესი იქნებოდა. ჩვენ რუსეთისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ არჩევნების წინ, როდესაც მის ვასალს ძალიან ცოტა შანსები აქვს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, - ამბობს იგი.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის გაკეთებული ერთი განცხადება საკმარისი არ არის.
კარგია, რომ გუშინ სუს-მა გარკვეული განმარტება გააკეთა, თუმცა ვფიქრობ, რომ არასაკმარისი. ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებასაც, ჟურნალისტის უსაფრთხოებასაც. იმედია, ისინი გასცემენ ყველა კითხვას პასუხს, რაც ამ საქმეს უკავშირდება. ჩვენ გვახსოვს შარშან განვითარებული მოვლენები და კადიროვის მუქარა. სამწუხაროდ, დღესაც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ამას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ, რაც სახიფათოა და ახლა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ადეკვატურად უპასუხოს, - ამბობს კინწურაშვილი.
მედიამკვლევარის ნატა გრძელიშვილის თქმით, დღეს სწორედ ის სიტუაციაა შექმნილი, როდესაც ქვეყნის მთავრობა სასწრაფოდ უნდა აკეთებდეს განცხადებებს.
ჩვენ გვახსოვს, რომ გაბუნიას ჟურნალისტური გადაცდომის გამო ღამე გაიღვიძა ყველამ და ღამე აკეთეს განცხადებები და როდესაც ამბობს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია და ამაზე ვრცელდება ინფორმაცია, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით უნდა ავრცელებდნენ განცხადებებს, - ამბობს მედიამკვლევარი.
ქვეყნის პირველ პირებს ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე.