"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი სახიფათო თამაში წამოიწყო - მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს, საარჩევნო თარიღის შეცვლის შესახებ საუბარი შემთხვევით არ დაუწყიათ და სავარაუდოდ, მმართველი პარტია ამ განზრახვას კონსტიტუციაშიც ასახავს.
დამოუკიდებელი დეპუტატის მოსაზრებით, ეს იქნება 8 მარტის შეთანხმების საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების დროს მსგავსი შესაძლებლობა განხილული არ ყოფილა.
8 მარტის დოკუმენტში ყველა საკითხი, რომელთაც ფარავს საკონსტიტუციო ცვლილებები, დეტალურად არის განსაზღვრული, აი ამ სიას არც არაფერი უნდა დაემატოს და არც არაფერი მოაკლდეს. ჯერ არ ჩანს, რატომ დაიწყო ეს დისკუსია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ახალი ტურბულენტობა გველის წინ, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ ახლა, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება, შესაძლოა ხელისუფლებას კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ჰქონდეს განზრახული.
პარლამენტის კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმედს იქონიებს, რომ არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა ძალაუფლების უზურპაციის მოდელად იქნება მიჩნეული.
თუ გადაწყვიტეს, რომ სჭირდებათ გადაწევა, ამას კონსტიტუციური კანონის ინიცირებულ ვერსიაში არანაირი ცვლილების დამატება არ სჭირდება, კონსტიტუცია ამას ისედაც არეგულირებს, - ამბობს ბესელია.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოვლენების ამგვარ განვითარებას უარყოფენ და ამბობენ, რომ არჩევნების თარიღმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიწიოს, თუ ოქტომბრის ბოლოს, გართულებული ეპიდვითარების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იქნება გამოცხადებული.
საგანგებო ვითარებაში ყველა უნდა დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მიერ არ იქნება მიღებული, ეს პარტიული გადაწყვეტილება არ იქნება. ეს იქნება მეცნიერულ, პროფესიონალურ კვლევაზე დამყარებული გადაწყვეტილება, - ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი.
კონსტიტუციონალისტების მოსაზრებით, ქვეყნის უპირველეს დოკუმენტში შესაბამისი ჩანაწერის შეტანა იმდენად რთული პროცესია, რომ თუ საქართველოში არჩევნების გადადება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 20 ივნისს, იურიდიულ კომიტეტზე იწყება, მომდევნო კვირაში კი პროექტი პლენარულ სხდომაზე, პირველ მოსმენაზე უნდა გავიდეს.