
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეებისა და მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელა, ვინც ანტიუკრაინულ კამპანიაშია ჩართული.
საუბარია საჯარო მოხელეების Facebook პოსტებზე, სადაც გუშინდელ უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ეწერა: "ყველა მოღალატეს და ომის დაწყების მსურველს გელოდებით პარლამენტის წინ".
გიორგი ბოტკოველის თქმით, ერთ-ერთი ასეთი პირი თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილია.
"მინდა გაგაცნოთ რუსული სპეცსამსახურების ჩანერგილი აგენტები, რომლებიც დღეს მოკალათებული არიან საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. ამ ადამიანებმა გუშინ უკვე გამოააშკარავეს საკუთარი თავი და არანაირი ანონიმ წარმომადგენლების გამოაშკარავება მათ არ სჭირდებათ.
დავიწყებ თელავის მერით, ლევან ანდრიაშვილით. მან გუშინ საკუთარ Facebook გვერდზე დადო სტატუსი, სადაც ის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში განმავლობაში დგანან პარლამენტის შენობასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ იმ პროტესტს, რომელიც არის ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ინტეგრაციისთვის იმ მიმართულებით, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი - ეს არის ევროკავშირი და ნატო.
ეს უნამუსო ადამიანები, რუსეთის გაშიფრული აგენტები პირდაპირ მიმართავდნენ პატრიოტ ადამიანებს, ვინც გუშინ დაესწრებოდა 7 საათზე გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც პირველ რიგში უკრაინელი გმირი ხალხის მხარდაჭერას ემსახურებოდა, უწოდებენ მოღალატეებს.
სწორედ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, ვინც გახდნენ ამ სტატუსი ავტორები. ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორები, გუბერნატორების მოადგილეები, მერიის თანამშრომლები", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.