პოლიტიკური დევნის, დემოკრატიის და დასავლური კურსიდან გადახვევის გამო, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი კონგრესმენი აკრიტიკებს. ვილ ჰარდი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თავისუფლების მოყვარე ხალხი მთავრობისგან დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვს.
„ქართველები, თავისუფლების მოყვარე ხალხია, რომლებიც რუსეთის ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან და საკუთარი მთავრობისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვენ. მიხარია, რომ მათ კონგრესი ორპარტიულად უჭერს მხარს”, - წერს ვილ ჰარდი.
კონგრესმენის მორიგ კრიტიკას თბილისში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავრობის კრიტიკა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მოიმატებს. ოპოზიციას ხელისუფლების არგუმენტი, რომ ისინი ვაშინგტონში ჩავლენ და დაელაპარაკებიან პარტნიორებს, სასაცილოდ ეჩვენება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია აშშ-იდან ხელისუფლების მისამართით კრიტიკული შინაარსის წერილებს ისევ ელის.
„ასეთი განცხადებები გაგრძელდება, ეს არის შეუჩერებელი პროცესი, დომინოს პრინციპით მიჰყვა ერთი მეორეს და არ დასრულდება, სანამ ხელშესახებ შედეგს არ დაინახავს თავისუფალი სამყარო“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ვიზიტები აშშ-ში რეალურად შედეგის მომტანი არ არის.
„სამ ცალ თოხლო კვერცხს შეჭამს იქ, სამი ცალი შეხვედრა ექნება, ლოყებს დაბერავს, ჩამოვა და გვეტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა და აი, ყველაფერი კარგადაა, რომ იტყვის, მაშინ წამოვა კიდევ ერთი წერილი. იმიტომ, რომ ბრიყვები არიან, ამათ ჰგონიათ, რომ ჩავალ და "დავებაზრები", რაღაცნაირი ძველბიჭურ „მოუდში“ გადავიდა „ქართული ოცნება““ - განაცხადა უგულავამ.
აშშ-ში რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ყველას საერთო პოზიცია აქვს, ამაზე ისაუბრა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.
„სრული მხარდაჭერა გვაქვს იმისთვის, რომ შევცვალოთ „ქართული ოცნების“ უბედური რეჟიმი, რომელიც რუსეთისკენ მიაქანებს საქართველოს, რომელიც ეკონომიკური უბედურებისკენ მიაქანებს“ - განაცხადა ვაშაძემ.
„ქართულ ოცნებას“ კრიტიკაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ ასევე საერთაშორისო ანალიტიკოსები. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ კონგრესმენების კრიტიკა უნდა გაითვალისწინონ და თავს არ უნდა დაესხნენ.
„საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენის ზრდა და გვაღელვებს ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში განიცადა, გაქრება“ - განაცხადა ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარმა, ბრაიან უიტმორმა.
კავკასიის და ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი, სვანტე კორნელი კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა ისეთი წევრები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდიან.
აშშ-ის ყოფილი წამყვანი დიპლომატი, დენიელ ფრიდი კი კონგრესმენების განცხადებების შემდეგ „ქართულ ოცნების“ მხრიდან გამოთქმული კრიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს.
„თუ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს კონგრესის შეხედულებები, მატ უნდა ჰქონდეთ სერიოზული საუბარი ამ საკითხებზე. საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს“ - განაცხადა დენიელ ფრიდმა.
„ქართული ოცნების“ ქმედებები სტრატეგიულმა პარტნიორებმა არაერთხელ გააკრიტიკეს. მათი მწვავე შეფასებები კი ქვეყანაში რუსული გავლენების ზრდას და დემოკრატიის უკუსვლას მოჰყვა.