უკრაინის დაბომბილ ქალაქებში რჩება ქართველების ნაწილი, რომლებიც თავს მეტროსადგურებსა და სარდაფებში აფარებენ. მრავალშვილიანი ოჯახების ნაწილი ევაკუაციას ითხოვს, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოს საელჩოსთან კავშირზე ვერ გადიან.
"გაგვაფრთხილეს ამაღამ ძალიან მძიმე ღამე არისო, როგორ გავიდეთ ცენტრში, საიდან რა მომხვდება არ ვიცი, შველას ვითხოვთ ბავშვები რომ გავიყვანოთ აქედან უსაფრთხოდ, ცხელი ხაზი მოგვცეს, საელჩო არის საქართველოსიო და ნომერი. მე-7 დღეა აქ გვიღამდება, აქ გვითენდება, სულ რომ ვრეკავთ, საერთოდ ზარიც არ გადის, სმს-ებს ვწერთ, კითხულობენ, არ კითხულობენ აზრზე არ ვარ, არ ირეკება, საერთოდ ზარი არ გადის", - ამბობს ხარკოვში მცხოვრები, მარიკა მეფარიშვილი.
უკრაინის დასავლეთში, ქალაქ ბუკოველში მცხოვრები ქეთი შამუგია ამბობს, რომ იქ შედარებით სიწყნარეა, თუმცა მოქალაქეებს მაინც ეშინიათ.