ვინც უმრავლესობის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობენ, დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნების" ლიდერებს არჩევნების თარიღის გადაწევაზე საუბარი შემთხვევით არ დაუწყიათ. თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს რომ პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ახალი ჩანაწერი დაემატოს - სწორედ არჩევნების თარიღის შეცვლაზე. უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ამით ოცნება პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს და პარტიებს შეთანხმების შანსს აღარ დაუტოვებს.
8 მარტის შეთანხმების დარღვევას კატეგორიულად გამორიცხავს უმრავლესობა. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ წარგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს არც არაფერს დაამატებენ და არც - გამოაკლებენ. არჩევნების გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანაში შემოდგომაზე საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს. კონსტიტუციის 37-ე მუხლში კი წერია, რომ თუ არჩევნების თარიღი საგანგებო მდგომაროებას დაემთხვევა, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე ან არაუგვიანეს მე-60 დღეს უნდა ჩატარდეს.
თანაგუნდელებისგან განსხვავებულია რომან კაკულიას მოსაზრება. არჩევნების თარიღის ზამთარში გადაწევის ნაცვლად, მომხრეა ის შემოდგომის დასაწყისში გადმოიტანონ. ამისთვის არგუმენტებიც აქვს. დეპუტატი ამბობს, რომ ახლა ამომრჩევლის ჯერია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სწორედ მათ უნდა შეაფასონ.
ოპოზიცია კი არჩევნების თარიღის ცვლილებასა და ამით პოლიტიკურ მანიპულაციებს ოცნებას არ ურჩევს. ახსენებენ, რომ არჩვენების გადატანა და პარლამენტისთვის უფლებამოსილების გახანგრძლივება ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავს. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების რამდენიმე თვით გადადება ივანიშვილის გუნდს არანაირ შედეგს არ მოუტანს.
არჩევნების ჩატარების თარიღზე "ქართული ოცნება" რომ ალტერნატიულ გეგმას ამუშავებს, ამას არც მმართველი პარტიის ლიდერები მალავენ. აისახება თუ არა კონსტიტუციაში ეს ცვლილებები, 3 დღეში გაირკვევა, როდესაც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებებს ოცნება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანს.