სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გამოაქვეყნა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. სანქციები მოიცავს საბანკო და ფინანსურ ზომებსა და ექსპორტის კონტროლს იმ ნივთებზე, რომლებიც შეიძლება,უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენონ.
განცხადების მიხედვით, სინგაპურმა ამ ფორმით დაგმო რუსეთის მთავრობის მიერ სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვივიან ბალაკრიშნანის თქმით, სანქციები ძალაში ორშაბათიდან შევა.
სანქციების მიხედვით:
- სინგაპურის საბაჟო უარს იტყვის რუსეთში ყველა სანებართვო განაცხადზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონელს, ელექტრონიკას, კომპიუტერებს და „ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოებას“.
- სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს აეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობების დამყარება რუსეთის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის ბანკებთან: VTB Bank, VEB.RF, Promsvyazbank და Bank Rossiya.
- სინგაპური აკრძალავს ტრანზაქციებს ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობას რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ან მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის.
- სინგაპური აკრძალავს ფინანსური მომსახურების მიწოდებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორში.
დოკუმენტის მიხედვით, ციფრული გადახდის ნიშნების სერვისის პროვაიდერებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტრანზაქციის ხელშეწყობა "რომელიც ხელს შეუწყობს ამ ფინანსური ზომების გვერდის ავლას".