ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი განცხადება გაავრცელა. ომში მყოფმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს.
"დღეს ბრძოლის მეათე დღეა. დღეს შაბათია, რომელიც ომში არაფერს არ ნიშნავს, ისევე როგორც ორშაბათი, ან ოთხშაბათი. ყველა დღე ერთნაირი გახდა. ყველა დღეს ერთნაირად ვიცავთ სამშობლოს და ერთნაირად ვიბრძვით. არ აქვს მნიშვნელობა დასვენების დღე არის თუ არა, არც იმას, რომელი საათია ან რა თარიღია. ასე მივალთ გამარჯვებამდე.
უკრაინული არმია ყველა პოზიციაზე მედგრად დგას. ოკუპანტებზე კონტრშეტევებს ახორციელებენ. აკონტროლებენ ხარკოვს, კიევს, მიკოლაევს, სუმს და ჩერნიგოვს. ოკუპანტები იმდენად სერიოზულ დანაკარგს განიცდიან, რომ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.
რუსეთის ძალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია თითქმის 10 000 დაღუპულს. საშინელებაა, რომ ისინი 18-20 წლის ჯარისკაცები არიან - თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი აუხსნეს, რატომ იბრძოდნენ და რატომ იყვნენ უცხო ქვეყანაში. რუსეთს შეეძლო, მათთვის მიეცა სხვა რამ, ნაცვლად სიკვდილისა", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერებთან საუბრის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა. ასევე, მეგობარი ქვეყნების მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"გუშინ საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს ვესაუბრე. ორივე მათგანის მადლობელი ვარ, განსაკუთრებით კი ანდჟეი დუდას, რომელიც ჩვენი რწმენისა და საქმის ერთგულია. მოვახერხეთ და პოლონეთ- უკრაინის საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან ავიცილეთ. ათასობით უკრაინელი ბავშვი და ქალი მიიღეს. მათ არავინ ეკითხება, საიდან არიან ან რამდენი აქვთ ფული. დღეს ჩვენ პოლონეთთან საზღვარი არ გვაქვს, რადგან ჩვენ სიკეთის მხარეს ერთად ვდგავართ. დარწმუნებული ვარ რომ მალე საფრთხე აღარ იქნება და შევძლებთ რომ ჩვენ მოქალაქეებს ვუთხრათ, სამშობლოში დაბრუნდნენ.
მადლობელი ვარ ევროპელების. ასი ათასობით ადამიანები სხვადასხვა ქალაქებში, ბრატისლავაში, ვილნიუსში, ფრანკფურტში, ლიონში, პარიზში, თბილისში და პრაღაში შეიკრიბნენ და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მადლობელი ვარ ამერიკელების, მათ ორპარტიული მხარდაჭერითა და უბრალო მოქალაქეების სოლიდარობით. ამერიკელების 74 პროცენტი უკრაინის ცის დახურვას მხარს უჭერს. კიდევ რა არის საჭირო იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ?! დარწმუნებულები ვარ, რომ მსგავსი მხარდაჭერები არის სხვა ქვეყნებშიც", - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე ე.წ. მწვანე დერეფანთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებებისას მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა:
"რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მწვანე დერეფანზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ ქალების ბავშვებისა და ხანდაზმული ადამიანების ევაკუაცია უნდა მოვახდინოთ. ხოლო ვინც უარს იტყვის ევაკუაციაზე, მას ყველანაირი პირობები უნდა შევუქმნათ. ვალდებულები ვართ, ბრძოლა გავაგრძელოთ. რადგან თუ ყველა წავა მაშინ ეს ქალაქები ვისი იქნება?! ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული რომ უსაფრთხო დერეფანზე შეთანხმება შედგეს. დღეს ეს ჩვენი უმთავრესი მიზანია. ასევე დავაკვირდებით, შევძლებთ თუ არ მოლაპარაკებების მაგიდასთან კიდევ უფრო წინ წასვლას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.