უკვე მეორე დღეა უცნობია, როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მას ტემპერატურა აღენიშნება და იზოლირებულია.
ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მასთან პირად ექიმს არ უშვებენ. იგივე მიზეზით გუშინ მასთან შესახვედრად არ შეუშვეს არც უფლებადამცველი.
"იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს მნახველები ვხვდებით გამყოფი კედლის მიღმა, რომელიც უკანონოდ ამოგვიშენა პენიტენციურმა სამსახურმა, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ მნახველების შეზღუდვა რაიმე ტიპის ობიექტური გამართლებით არის გამოწვეული. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმ მოვლენების გამო, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. პენიტენციური სამსახურის სანდოობა ბუნებრივია დაბალია, მაგრამ სიცხე რომც ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს, ეს არ შეიძლება გამოყენებული იქნას მისი უფლებების შემზღუდავ ინსტრუმენტად", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
მესამე პრეზიდენტთან ექიმის დაშვების აუცილებლობაზე საუბრობენ თავადაც მედიკოსებიც. ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ საჭიროა, მესამე პრეზიდენტი ისეთმა ექიმმა ნახოს, ვინც მისი ნევროლოგიური დინამიკა კარგად იცის.
"საიდან შეიძლება მას ჰქონდეს კოვიდი, ვინაიდან ვიცით, რომ ისედაც იმყოფება იზოლაციაში და მასთან შეშვება მხოლოდ ტესტირების შემდგომ ხდება, მხედველობაში მყავს იურისტები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შიდა პერსონალიდან არის მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ნახოს ექიმმა, რომელსაც ის ადრეულ სტადიებზე ჰყავს ნანახი და იცის მისი ნევროლოგიური დინამიკა. ისედაც მძიმე დაავადება სჭირს ბატონ მიხეილ და გართულება ის სიმტპომები, რომელიც აქვს, ეს არის სიარულის გართულება, დიდხანს დგომის შეუძლებლობა, თვალის მამოძრავებელი ნერვების გარკვეუწილად დამბლა, მეხსირების პრობლემები", - თქვა ოთარ თოიძემ.