შეეცდებიან ამ საკითხის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას - პრემიერის პირველი კომენტარი გიორგი გაბუნიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

სუს-მა ქვეყანაში უმძიმესი დანაშაული აღკვეთა - პრემიერ მინისტრის პირველი განცხადება "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე.

გიორგი გახარიამ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბევრი მარჩიელობა მიმდინარეობს, თუმცა დანაშაულის აღკვეთა სამართალდამცავი უწყების მოვალეობაა.

ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილი ქვეყანაში, მძიმე, უმძიმესი დანაშაული. მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, აბსოლუტურად  ღიად, ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს, - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ ამ საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას შეეცდებიან. გახარია ამბობს, რომ ახლა ყველა გამოძიებას უნდა დაელოდოს:

გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, თბილისში, რამზან კადიროვის დავალებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. განცხადება ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადება რამდენიმე საათში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი, რომლის ასაყვანადაც სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა და ის ქავთარაძის ქუჩაზე, "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში დააკავა. ბოკოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი