3 000 ამერიკელი მოხალისე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

გამოქვეყნდა:

ამერიკელი ვეტერანები უკრაინის ომში საბრძოლველად ერთვებიან - ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. მათი ცნობით, ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკვე 3 000-მა ამერიკელმა მოხალისემ უპასუხა თხოვნას, იმსახურონ საერთაშორისო ბატალიონში, რომელიც უკრაინას რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაეხმარება.

გამოცემა ომში მოხალისედ ჩართულ ერთ-ერთ ამერიკელ ჯარისკაცზე, მეთიუ პარკერზე წერს.

"ამერიკელმა ვეტერანმა, რომელსაც 22-წლიანი სამსახური აქვს გავლილი აშშ-ს არმიაში, გაიგო, რომ რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში. ის ფიქრობდა უკრაინელ-ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელიც მის გვერდით მსახურობდა ერაყში და გადაწყვიტა, რომ უნდა დახმარებოდა უკრაინას, რათა მათ დაიცვან თავიანთი სამშობლო", - წერია სტატიაში.

ინტერვიუში მეთიუ პარკერი ყვება, რატომ გადაწყვიტა დაეხმაროს უკრაინელებს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ჩემ გვერდით ერაყში იყო უკრაინელი ჯარისკაცი. ის გახდა ამერიკის მოქალაქე და შეუერთდა ჯარს. ის მიყვებოდა თავისი სახლის შესახებ, მითხრა თავის ოჯახზე და იმაზე, თუ როგორ ამაყობდნენ ისინი საკუთარი ქვეყნით. მახსოვს, თავის პატარა დაზეც მომიყვა. უკრაინაში წასვლით, იქნებ დავიცვა მისი დედა, ან მისი პატარა და ან მისი სახლი. შესაძლოა, მცირედით მადლობა გადავუხადო მას", - ამბობს ამერიკელი ვეტერანი. 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ განაცხადა. 3 მარტს მან თქვა, რომ უკრაინაში 16 ათასი უცხოელი მოხალისე იბრძოლებს და მათი პირველი ნაკადი ქვეყანაში უკვე ჩავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი