ტერორისტების სამიზნედ ქცეული ჟურნალისტის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლება ისევ ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს. მმართველი გუნდის წევრები რუსეთს, პუტინსა და კრემლიდან მომდინარე ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებენ. თავად პრემიერი კი აღიარებს, რომ საფრთხე ამოწურული არაა.
ოპოზიციის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ენის მოჩლექით არ უნდა ელაპარაკოს და მოუწოდოს რუსეთს მსგავსი ქმედებების საქართველოსთან მიმართებაში განხორციელების შეჩერებისკენ. მათი მოსაზრებით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების რეზონანსის გამოწვევა ამ საკითხზე. მათი თქმით, ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე ღიად არსებობს და ის გაზრდილია, ამიტომ მთავრობას მეტი მუშაობა მართებს ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი არსებულ სიტუაციაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
გუშინ, ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ გაეკეთებინა მკაფიო განცხადება და მოეწვია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები სასწრაფოდ კონსულტაციებზე და მათთვისაც ეთხოვა შესაბამისი განცხადებების გაკეთება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი სატელიტი ექსპერტები აკეთებდნენ საოცარ განცხადებებს, რომ თითქოს ეს შეიძლება იყოს ოპოზიციის დაგეგმილი პროვოკაცია, - აცხადებს იგი.
საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ამ საქმეში აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების ჩარევა.
არის მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტი და ერთი, მეტყველებს დაუცველობაზე, ბუნებრივია და მეორე, მეტყველებს იმაზე, რომ ტერორიზმის საფრთხე არის ძალიან მაღალი საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება იმ განცხადებებით, რაც გააკეთა ჩეჩნეთის ლიდერმა ახალი მუქარებით და ა.შ. და ამას უნდა მოყვეს სერიოზული რეაქცია, - ამბობს იგი.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა პასუხისმგებლობით უდგება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ოპოზიციას კი შეუძლია გააგრძელოს პროვოკაციული განცხადებების გაკეთება.
ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობას, ხელისუფლებას ევალება, რომ იმოქმედოს სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ უმრავლესობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება საგარეო ურთიერთობებში, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ნაბიჯი ამ პასუხისმგებლობით იქნება გადადგმული, - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა განსხვავდება წინა მთავრობის საგარეო პოლიტიკისგან.