საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს სწორედ ხელისუფლება - ოპოზიცია 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე შესაძლო პროვოკაციებს აფასებს

გამოქვეყნდა:

"გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს" - 20 ივნისის სისხლისღვრიდან ერთი წელი სრულდება - სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, შაბათს, რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება ხალხმრავალი აქცია. ახალგარზრდები, ვინც გასულ წელს ივანიშვილის ხელისუფლებამ სისხლისღვრისა და თვალების დათხრისთვის გაიმეტა, ისევ ერთად და ისევ სამშობლოს დასაცავად დადგებიან.

ემზადება ხელისუფლებაც და კონტრაქციისთვის ხალხს რეგიონებში აგროვებს. როგორც "მთავარმა" გაარკვია, თითოეული სოფლისთვის განსაზღვრულია კვოტა, თუ რამდენი ადამიანი უნდა გაიყვანონ "ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე. განსაზღვრულია ისიც, თუ ვის რამდენს გადაუხდიან.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონის თქმით, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, "ქართულმა ოცნებამ" კასპის რაიონში თავის წარმომადგენლებს გადაურიცხა თანხა, რათა მოახდინონ 300 ახალგაზრდის მობილიზება, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე შეკრებილ მანიფესტანტებს პროვოკაციებს მოუწყობენ. ახალგაზრდების მობილიზებას ავალებენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. 

იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც პოლიტიკური ფლირტი აქვს კრემლთან გამართული, მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი... ჩვენ ვიცოდით და წინასწარაც ველით გარკვეულ პროვოკაციებს, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი.

ოპოზიციის ლიდერების შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველოში რუსული ხელწერა გადმოიტანა. შაბათის აქციაზე პროვოკაციების მოწყობის შემთხვევაში, ისინი პასუხისმგებლობას მთლიანად მმართველ პარტიას აკისრებენ.

საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს სწორედ ხელისუფლება და მსგავსი მეთოდებით მუშაობაზე არის საუბარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ აშშ-ს შესაბამის პოლიტიკურ წრეებში, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებამ ვერც ერთხელ მოახერხა მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობისკენ გამოწვევა. შესაბამისად, მათი ზრახვები აქციაზე გავლენას ვერ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციის მიზანია, ხელისუფლებას შეახსენონ "გავრილოვის ღამეს" დაშვებული შეცდომები.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი