ვარკეთილში, დამწვარ ბაზრობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ათეულობით მოვაჭრე, რომელმაც ხანძრის შედეგად ბანკის ვალებით შეძენილი პროდუქცია დაკარგა, გამოუვალ მდგომარეობაშია.
უსახსროდ დარჩენილი ადამიანები ბაზრობის ადმინისტრაციისა და ხელისუფლებისგან პასუხებს ელიან კითხვებზე, თუ როდის და რაფორმით მოხდება ზარალის ანაზღაურება. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ერთი ბაზარი შერჩა ამ მთავრობას, მეორე ბაზრის დაწვა შერჩა, მესამე არ უნდა შერჩეს! - თქვა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა.
ადგილზე მივიდა ბაზრობის დირექტორიც, რომელმაც არ ისურვა მედიასთან და მოვაჭრეებთან გასაუბრება და კომენტარის გარეშე შევიდა ბაზრობის ტერიტორიაზე.
სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე კი ამბობს, რომ ინდივიდუალურად მოხდება ყველა დაზარალებულთან დაკავშირება და მათ შესთავაზებენ კომპენსაციას შესაბამისი სადაზღვევო პოლისის მიხედვით.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს არსებული მდგომარეობის განსახილველად და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულთა დასახმარებლად.
უმრავლესობა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არის დაზღვეული, რაც ძალიან კარგია. თუკი ვინმე დარჩა ისეთი, ვინც არაა დაზღვეული და დახმარება სჭირდება, ჩვენ ამასაც გავივლით, - ამბობს მერის მოადგილე ილია ელოშვილი.
"მთავარის" ინფორმაციით, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაზარალებულ მოვაჭრეებს შიგნით არ უშვებენ. უცნობი რჩება ზარალის ზუსტი ოდენობაც.