რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა 2030 წლამდე - ევროკომისიამ გეგმა წარადგინა

გამოქვეყნდა:

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ევროკომისიამ გეგმა წარადგინა, რომელშიც საუბარია, როგორ უნდა გახდეს ევროპა რუსული წიაღისეული საწვავისგან დამოუკიდებელი 2030 წლამდე. ევროკომისიის თქმით, პირველი მიზანი ბუნებრივი აირის მომწოდებლებზე დამოკიდებულების შესუსტება და გაქრობაა.

დოკუმენტში საუბარია ევროპაში ენერგორესურსების ფასის ზრდაზე საპასუხო ზომების მიღებასა და მომავალი წლის ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსებაზე.

განცხადებაში ასევე წერია, რომ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსულ გაზზე მოთხოვნა შესაძლოა 2/3-ჯერ შემცირდეს.

"ჩვენ უნდა გავხდეთ რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელი. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვენდოთ იმ მწარმოებელს, რომელიც დაუფარავად გვემუქრება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა შევასუსტოთ ენერგოფასებზე გავლენა, მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მოწოდება მომავალი ზამთრისთვის და დავაჩქაროთ სუფთა ენერგიაზე გადასვლა. 

რაც უფრო სწრაფად გადავალთ განახლებად რესურსებსა და წყალბადზე, ასევე ენერგოეფექტურობაზე, მით უფრო მალე ვიქნებით ნამდვილად დამოუკიდებლები და გავაუმჯობესებთ ჩვენს ენერგეტიკის სისტემას. ვერსალში ევროპელ ლიდერებთან ერთად კომისიის იდეებს ამ კვირის ბოლოს განვიხილავ და ამის შემდგომ მათ დაუყოვნებლივ განხორციელებაზე ვიმუშავებთ",- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. 

 

დაუყოვნებლივი ზომები ენერგორესურსების ფასებსა და გაზის მარაგებზე 

დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების პროგრამაზე. EU წევრი ქვეყნების ენერგორესურსების მაღალი ფასით დაზარალებულ კომპანიებს მოკლევადიან მხარდაჭერას სთავაზობს, ამას გარდა მათ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ენერგორესურსების ფასების მერყეობის შემცირებაში დაეხმარება. 

ევროკომისია აპრილში აპირებს წარადგინოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოველი წლის 1-ლ ოქტომბრამდე მიწისქვეშა გაზის მარაგების 90%-ით შევსებას ითვალისწინებს. კანონპროექტი მოიცავს შევსების დონეებისა და წევრ სახელმწიფოებში სოლიდარობის შეთანხმებების დამყარებას.

კომისია აგრძელებს გაზის ბაზრის კვლევას, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ არსებობს პოტენციური საფრთხე, რომ მომწოდებლები, განსაკუთრებით გაზპრომი, ბაზარზე კონკურენციას გაართულებენ. 

ენერგორესურსებზე მზარდი ფასების საპასუხოდ, კომისია შეისწავლის ყველა შესაძლო ვარიანტს გადაუდებელი ზომების მისაღებად, რათა შეზღუდოს გაზის ფასების გავრცელების ეფექტი ელექტროენერგიის ბაზარზე.

კომისია ასევე შეაფასებს ელექტროენერგიის ბაზრის დიზაინის ოპტიმიზაციას, რაც ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობას გულისხმოს რესურსების განადგურების გარეშე და მწვანე გზებზე ინვესტირებით.

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 2030 წლამდე 

გეგმის თანახმად, რუსეთიდან წიაღისეულ საწვავზე ევროპის დამოუკიდებობის ეტაპობრივი მოხსნა 2030 წლამდე უნდა მოხდეს. ამისთვის კომისია ისეთი გეგმის შემუშავებას სთავაზობს ევროკავშირს, რაც გაზრდის ევროკავშირის მასშტაბით ენერგეტიკული სისტემის გამძლეობას. გეგმა ორ მიზანს ემყარება: 

1) გაზის მომწოდებლის დივერსიფიკაცია. რაც გულისხმობს არარუსი მომწოდებლისგან მეტი თხევადი ბუნებრივი აირისა და გაზსადენის იმპორტს, ბიომეთანისა და აღდგენადი წყალბადის წარმოებასა და იმპორტს.

2) წიაღისეული საწვავის გამოყენების უფრო სწრაფად შემცირება ჩვენს სახლებში, შენობებში, მრეწველობასა და ენერგოსისტემაში ენერგოეფექტურობის გზრიდთ, განახლებადი რესურსების მარაგის შექმნითა და ელექტროფიკაციით.

გეგმის სრულად განხორციელების შემთხვევაში, 2030 წლისთვის წიაღისეული გაზის ყოველწლიური მოხმარება 30%-ით შემცირდება.

გეგმის თანახმად შესაძლებელი გახდება მინიმუმ 155 მილიარდი კუბური მეტრი წიაღისეული გაზის გამოყენების შემცირება, რაც გაუთანაბრდება რუსეთიდან 2021 წელს იმპორტირებულ მოცულობას.

ამ მოცულობის მინიმუმ 2/3-ის შემცირების მიღწევა ერთ წელში იქნება შესაძლებელი, რაც ევროკავშირის მხოლოდ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულებას დაასრულებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი