"ნუ გაავრცელებთ ინფორმაციებს, რომ გარკვეული ქვეყნები იარაღს გვაწვდიან... მტერმა არ უნდა იცოდეს, რას ელოდება" - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ქვეყნები უკრაინას იარაღს აწვდიან.

მისი თქმით, ამან შესაძლოა, შედეგებზე უარყოფითად იმოქმედოს და უკრაინის არმიისთვის დამატებითი შესაძლებლობების მოპოვება გაართულოს. 

რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ ასეთ საკითხებზე საუბრის უფლება მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ და ისინი შესაბამის ინფორმაციებს პარტნიორებთან შეთანხმებით გაავრცელებენ.

"ძვირფასო უკრაინელებო! სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენს პარტნიორებთან უკრაინის თავდაცვისთვის დახმარების მისაღებად. თავდაცვის სამინისტრო მუშაობს როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვაში, ასევე კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არის ძალიან დელიკატური სფერო, რომელიც მოითხოვს უკიდურესად დაბალანსებულ მიდგომას. განსაკუთრებით ომის დროს.

მივმართავ ყველას და გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ, რომ გარკვეული ქვეყნები აწვდიან იარაღს ჩვენს ქვეყანას. ამ თემებზე საუბრის უფლება მხოლოდ თანამდებობის პირებს აქვთ. მე მესმის ხალხის სურვილი, გააზიარონ სასიხარულო ამბავი, მაგრამ ზოგჯერ ეს ქმნის საინფორმაციო ფონს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს შედეგზე. ამან შეიძლება გაართულოს ჩვენი არმიისთვის დამატებითი შესაძლებლობების მოპოვება, რაც მას ძალიან სჭირდება. უკრაინამ შეიძლება განიცადოს ზარალი, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო და უნდა ავიცილოთ! ყველა ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც შესაძლებელია, პარტნიორებთან შეთანხმებით, ჩვენ აუცილებლად დროულად გავამჟღავნებთ.

მტერმა არ უნდა იცოდეს რას ელოდება. დაე, ეს მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყოს. თქვენი გაგების იმედი მაქვს. დიდება უკრაინას!​", - ამბობს ალექსეი რეზნიკოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი