კადიროვის მუქარას და რუსული სპეცსამსახურების მიერ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიზანში ამოღებას ხელისუფლება ისევ ვერ არქმევს თავის სახელს -- "ქართული ოცნება" არ ახსენებს ჩეჩნეთის ლიდერის, კრემლის და პირადად პუტინის პასუხიმსგებლობას იმ საქმეში, რომლის საბოლოო მიზანი "მთავარი არხის" ჟურნალისტის ლიკვიდაცია იყო.
ოპოზიციისთვის "ქართული ოცნების" კომენტარები და განცხადებები გაუგებარია. მათი თქმით, მთავრობა აქტიურად უნდა საუბრობდეს გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში რუსეთის ჩართულობაზე და მის ხსენებას არ უნდა ერიდებოდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რუსეთს ენის მოჩლექით არ უნდა ელაპარაკებოდეს.
კადიროვის განცხადება არის თავხედური, ტერორისტის განცხადება. ღირსების მქონე სახელმწიფო ამ შემთხვევაში გასცემდა საკადრის პასუხს. თქვან, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეს თავს ესხმოდა ტერორისტი სახელმწიფო მისი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეკვეთით და უნდა დაიცვან მათ ქვეყნის და საკუთარი მოქალაქის ინტერესები, - ამბობს გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლების ქმედებას საგანგაშოდ აფასებს.
ყველასთვის საგანგაშოა რეაქცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმისგან. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, პრემიერის, მათი სპიკერების პარლამენტში და ყველა ეს განცხადება იყო თითის გაშვერა ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ და არც ერთ მათგანს არ უხსენებია პუტინის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია, - აცხადებს ბოკერია.
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისგან სხვანაირი საქციელი მოსალოდნელი არც იყო.
ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში აქვს შეშინებული ადამიანის პოზიცია, ასე არიან ისინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. რუსეთი არ გავაღიზიანოთ პოლიტიკით ხელმძღვანელობენ ყველაფერში, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ამიტომ ეს გასაკვირი არ არის, მე არ მიკვირს და არც არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ ზალკალიანი ბრიფინგს ჩაატარებდა და მკაცრ ნოტას გაუგზავნიდა რუსეთს, ესეთი ხელისუფლება გვაქვს, რას ვიზამთ, - ამბობს ჯაფარიძე.
ცოტა ხნის წინ განცხადება ამ საქმეზე უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. მამუკა მდინარაძე ამ წუთებში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს ხვდება.