შეუძლებელია, ჭკუათმყოფელ ადამიანს აქციაზე არარეგისტრირებული იარაღი ჰქონოდა - უგულავა რურუაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დღეს ის ექვსი პოლიტიკოსი დაიკითხა, ვინც ბრალდებულთან ერთად, დაკავების წინა ღამეს აქციაზე იმყოფებოდა. 

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რურუას დაკავება მისი აქციებში მონაწილეობისთვის პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაციაა. მათ 17-18 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს. ამბობენ, რომ აქციაზე ყოფნის გარდა, ისინი აქციის მონაწილეებს შეშითა თუ სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რურუას იარაღი რომ ჰქონოდა, აუცილებლად შეამჩნევდნენ. 

იმ ღამეს, გიორგი რამდენჯერმე ვნახე. არანაირად არ შემიმჩნევია, რომ მას რაიმე იარაღი ჰქონოდა. მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებისთვის ყველასთვის ცნობილია, იქ პოლიცია პანტაპუნტით იჭერდა ხალხს და დაჭერა ჩხრეკასაც გულისხმობს, ამიტომ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, შეუძლებელია, იქ ჭკუათმყოფელ ადამიანს, მით უმეტეს, არარეგისტრირებული იარაღი მიეტანა, - ამბობს "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსის ნაწილი და ბევრი მტკიცებულებით ჩანს, რომ პოლიცია იტყუება. 

გირჩის ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, პროკურატურას მოწმეებთან არაფრისმომცემი კითხვები ჰქონდა.

ამ ადამიანს იარაღი ჩაუდეს, ამის არაერთი მინიშნება არის თვითონ საქმეში, საიდანაც ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი შეკერილია, - ამბობს ჯაფარიძე. 

დაცვის მხარის აზრით, დღევანდელი ჩვენებები პროკურატურის მოწმეების ჩვენებებს აბათილებს, პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ დღეს მათ არანაირი საინტერესო ინფორმაცია არ მიუღიათ. გიორგი რურუას პროცესი ხვალ, კვლავ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი