კონტრაქციისთვის ხალხის მობილიზებაში ოცნების დეპუტატია ჩართული

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" 20 ივნისს კონტრაქციას გეგმავს და მოქალაქეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოყვანას აპირებს. სოფლებს კონრეკტული რაოდენობის ადამიანების გამოყვანას სთხოვენ, მოქალაქეებს კი სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდებიან. 

კასპის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მობილიზაცია საკუთარ თავზე "ოცნების" ადგილობრივმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა აიღო. თუმცა, ამ ინფორმაციას არც მაჟორიტარის ოფისში და არც მუნიციპალიტეტის მერიაში არ ადასტურებენ. "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები კი "მთავარის" კითხვებით იმდენად გაღიზიანდნენ, რომ ჟურნალისტებს კარი მიუხურეს.

თავის მხრივ, კასპის საკრებულოს წევრები საგანგებო განცხადებებს აკეთებენ და კონტრაქციის ორგანიზატორად სწორედ ირაკლი მეზურნიშვილს ასახელებენ. საკრებულოს წევრების თქმით, მეზურნიშვილი "გავრილოვის ღამის" ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

ხელისუფლება სუს-თან ერთად გეგმავს პროვოკაციების მოწყობას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის პატრიოტები შეიკრიბებიან, - ამბობს კასპის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ ნონიაშვილი.

საკრებულოს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ოთარ ქოსაშვილი კი მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია და კასპელებს სთხოვს, კონტრაქციაზე არ წავიდნენ.

უბრალოდ, სირცხვილი იქნება, მე რომ იქ კასპელები დავინახო კონტრაქციაზე. მე შემრცხვება მათ ადგილზე და ვთხოვ, რომ არ წავიდნენ, - განმარტავს ქოსაშვილი.

"მთავარი არხის" საინფორმაციო ჯგუფი ამ დრომდე კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფება და დღის ბოლომდე ახალ დეტალებს შეგატყობინებთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი