თურქეთში უკრაინა-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ შედგა.
მისი თქმით, ლავროვთან განხილვის თემა იყო მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა, თუმცა შეთანხმება ვერც ამ თემაზე მოხერხდა.
კულება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ლავროვს ისევ შეხვდეს იმავე ფორმატში, თურქეთის შუამავლობით.
"მზად ვარ გავაგრძელო ეს ჩართულობა უკრაინაში ომის დასრულების, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან განთავისუფლების მიზნით", - თქვა მან.
ცნობისთვის, ანტალიაში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, ამ წუთებში ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პრესასთან შეხვედრას მართავს.