
ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიიმეცმა გაავრცელა და განმარტა, რომ ვიზების გაცემა დროებით შეწყდება.
"რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას ვწყვეტთ იქამდე, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ, მათი ქვეყნის სამხედრო მოქმედებები არ დასრულდება", - ამბობს ლიიმეცი.
მისივე თქმით, იქნება გამონაკლისი შემთხვევებიც და ქვეყანა ვიზებთან დაკავშირებით რუსეთის იმ მოქალაქეების განაცხადებს განიხილავს, რომელთა ოჯახის წევრები და ნათესავებიც ესტონეთში ცხოვრობენ და სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
"ვისაც ჩვენთან ჩამოსვლა ესტონური სპა-ცენტრებისა და სხვა ტურისტული აქტივობებისთვის სურს, ისინი ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებენ", - აცხადებს მინისტრი.