"ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტმა მას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არაეფექტურად შეფასებაზე ჰკითხა.
პრაისმა აღნიშნა, რომ პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივეა, რასაც დღეს, უკრაინის შემთხვევაში არღვევს.
მისივე თქმით, ისინი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, მხარი არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს დაუჭირონ.
"მე ამას ვიტყოდი, რომ როცა საქმე საქართველოს ეხება, ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსული აგრესიისა სრული მასშტაბი და ამ აგრესიის შედეგების ისე, როგორც საქართველოს. ქვეყანაში, რომელშიც 2008 წელს რუსეთი შეიჭრა და ბევრი ქართველია, ვისაც, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ აქვს საშინელი მოგონებები ამ ომის.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომ მხარი დაუჭირონ არამხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაცვას, რომელიც ამ კონფლიქტიდან გამომდინარე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, არამედ მხარი დაუჭირონ უფრო ფართო პრინციპის დაცვას, რომელიც ქვაკუთხედია კანონზე დაფუძნებული წესრიგის.
პრინციპები, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპები, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს. საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი, დიდი სახელმწიფოები, დიდი ქვეყნები არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა ქვეყნებს, პატარა ერებს. ყველა ეს საკითხი სასწორზეა. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, დადგნენ უკრაინის გვერდით", - თქვა ნედ პრაისმა.